თბილისელი გოგოს მძიმე ამბავი, რომელსაც თაღლითებმა 60 ათასი დოლარი გამოსძალეს

“როცა ყველაფერს კარგავ, „ბროკერიც“ უჩინარდება. მეილის მისამართი, რომელზეც მიმოწერა გვქონდა, აღარ არსებობს, ვერც ვურეკავ. ვერაფერს აკეთებ, ვერავის უჩივლებ. საიტი კიდევ არსებობს, მაგრამ რომ წერ, გპასუხობენ, რომ საბროკერო მომსახურება გაუქმებულია…”

ნატალია ყატაშვილი (სახელი და გვარი შეცვლილია) თაღლითობის მსხვერპლი გახდა – ის ქოლცენტრების მახეში გაება და სოლიდური თანხა დაკარგა. საქმე ეხება სახლისა და ოჯახის წევრების სახლების ბანკში ჩადებას, რამდენიმე ბანკში ფინანსურ ვალდებულებას და კერძო პირებისგან აღებულ ვალს, ჯამში დაახლოებით 60 ათას ამერიკულ დოლარს. ჩემი რესპონდენტი იხსენებს, როგორ გახდა თაღლითური სქემის მსხვერპლი, გვიამბობს საკუთარ ისტორიას, რათა სხვებმა მისი ბედი არ გაიზიარონ.

– დაახლოებით სამი წლის წინ ჩემი ოჯახის წევრს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა. მკურნალობა დაკავშირებული იყო სოლიდურ ხარჯთან. ამიტომ დავიწყე გზების ძიება საჭირო თანხის შესაგროვებლად. კარგ კომპანიაში ვმუშაობ, თუმცა ოჯახის წევრის სამკურნალოდ მხოლოდ ჩემი ხელფასი არ იყო საკმარისი. ძებნისას გადავაწყდი ერთ კომპანიას. საიტზე მითითებული იყო, რომ ჰქონდათ სამუშაო. მეც იმ იმედით დავრეგისტრირდი, რომ დამატებითი შემოსავალი გამიჩნდებოდა. მალევე დამიკავშირდნენ და მკითხეს, რომელ ენაზე მსურდა ლაპარაკი, ვუთხარი, რომ ინგლისურად, და ამიხსნეს, რა მევალებოდა. შემომთავაზეს, გამეკეთებინა განსაზღვრული თანხის ინვესტირება საფონდო ბირჟაზე­, სადაც ვაჭრობენ სხვადასხვა კომპანიის აქციებით, ვალუტით და ა.შ. როგორც მითხრეს, ამონაგები­ ძალიან დიდი იქნებოდა. დამერწმუნეთ, საოცრად გაწაფული არიან, როგორ უნდა გელაპარაკონ, რომ შენი ნდობა მოიპოვონ და ვერც კი ხვდები, როგორ ებმები მახეში­. თავიდან იწყებ ისეთი თანხით, რომელიც, ასე ვთქვათ, არ დაგღუპავს, მაგალითად, 100 დოლარით, და უკან გიბრუნებენ 150-ს. მერე ცოტა მეტს ცდი, უკუგება ისევ არის და ასე ნელ-ნელა ზრდი თანხას, ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერს კარგავ…

ბოლოს ვითარებას ვეღარ ვაკონტროლებდი და სასოწარკვეთილი უფრო მეტ შეცდომას ვუშვებდი. დავიჯერე, რომ ისევ მათ შეეძლოთ რთული სიტუაციიდან ჩემი გამოყვანა და მეტი თანხის მობილიზება დავიწყე. თავდაპირველად სახლი ჩავდე. ის ფული რომ დაიკარგა, შემდეგ ოჯახის წევრებს ვთხოვე დახმარება და დამატებით 3 ბინა ჩავდეთ, შემდეგ რამდენიმე ბანკში ავიღე კრედიტი, ამას დაემატა მეგობრების პირადი ვალები.

– რამდენ ხანს გაგრძელდა ეს?

– დაახლოებით 6 თვეს. რასაც ვდებდი,­ ორმაგი თუ არა, 70% მაინც მიბრუნდებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც ჩადებული თანხა დავკარგე, მაგრამ მერე სხვა ალტერნატიულ გზას გთავაზობენ, რომ კიდევ ჩადო თანხა, ის დაკარგულიც ამოიღო და ზემოდან კიდევ მოგება ნახო. რამდენჯერმე ასეც მოხდა. ის კაცი, რომელიც მელაპარაკებოდა, ჩემს ბროკერად ასაღებდა თავს, რჩევებს მაძლევდა, სარფიანი გარიგების დასადებად. როცა ყველაფერს კარგავ, “ბროკერიც” უჩინარდება. მეილის მისამართი, რომელზეც მიმოწერა გვქონდა, აღარ არსებობს, ვერც ვურეკავ. ვერაფერს აკეთებ, ვერავის უჩივლებ. საიტი კიდევ არსებობს, მაგრამ რომ წერ, გპასუხობენ, რომ საბროკერო მომსახურება გაუქმებულია.

ჩემი ამბავი ამით არ დასრუ­ლებულა. ჩემი ბროკერი რომ გაქრა და დავრჩი­ 60 ათასი დოლარი ვალით, ისევ გზის ძიება დავიწყე ფულის საშოვნელად. დაახლოებით 8 თვე იქნებოდა გასული ამ ამბიდან, რომ ვიღაც უცხოელი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ დაინტერესებულია საქართველოში კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვით და ამ ოპერაციების წარმართვისთვის სჭირდება ქართული ანგარიში. როგორც მითხრა, საქართველოში არ იმყოფებოდა და ამიტომ სჭირდებოდა ჩემი დახმარება. ვიღაცებს ჩემს ანგარიშზე უნდა ჩაერიცხათ თანხა და მე უნდა გადამერიცხა ნაწილი ჩემი დამქირავებლისთვის, ნაწილი კი, ვინც ვითომ კრიპტოფულს ყიდულობდა. დამპირდა, რომ ამ გადარიცხვებში ჯამურად დღიურად რაღაც პროცენტს მომცემდა, პლუს ხელფასს 6.000 ლარის ოდენობით. ეს არ ჰგავდა თაღლითურ გარიგებას. ის კაცი ფულს არ მთხოვდა, უბრალოდ, ჩემს ანგარიშს იყენებდა თანხების გადასარიცხად. დავთანხმდი და რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად ირიცხებოდა ჩემს ანგარიშზე თანხა. ანგარიშები და ფულიც ქართული ვალუტა­ იყო, ლარი, ქართული ბანკებიდან. ერთ დღესაც ანგარიშზე ერთი ლარი ჩამერიცხა. ძალიან გამიკვირდა, შევედი ინტერნეტბანკში და დანიშნულების ადგილას ეწერა “სასწრაფოდ დამიკავშირდი” და ტელეფონის ნომერი. მაშინვე დავრეკე, გოგომ მიპასუხა, მითხრა, თაღლითური სქემის მონაწილე ხარ, თან ისე, რომ არც იციო. თურმე ის ადამიანები, რომლებიც ფულს მირიცხავდნენ, რეალურად კარგავდნენ ფულს. რაც მქონდა თანხა ანგარიშზე, უკან დავუბრუნე. შევეცადე ყველასთვის გადამერიცხა თითო ლარი და დანიშნულებაში ჩემს ნომერს ვწერდი. ყველას დაველაპარაკე და ავუხსენი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. იმ კაცს დავუკავშირდი, რა თქმა უნდა, უარყო ყველაფერი.

საქართველოში ძალიან არის მოდებული თაღლითური გარიგებები. ძალიან ბევრი ადამიანია მსხვერპლი, შესაძლოა ჩემსავით ათიათასობით არ ჰქონდეთ დაკარგული, მაგრამ ძალიან ბევრია, ვინც ეხვევა­ ამ სქემებში. საქართველოში კი ებრძვიან ამ ქოლცენტრებს, მაგრამ საქმე ისაა, ვისაც იჭერენ, ანუ ქართველებს, ისინი საქართველოზე არც მუშაობენ. ევროპაში­ რეკავენ, ისევე, როგორც უცხოელები მუშაობენ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობაზე. რასაც სახელმწიფო აკეთებს, საქმეს ვერ შველის. ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტური იქნება ხალხის ცნობიერების ამაღლება, ტრენინგები, ლექციები. მე რომ მცოდნოდა მსგავსი რაღაცები არსებობს, შეიძლება უფრო ფრთხილად ვყოფილიყავი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ