თბილისში 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს

თბილისში 21 წლის ახალგაზრდა, გიორგი ახალაია მოკლეს. მკვლელობა 16 მარტს, გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დააკავეს თუ არა მკვლელობაში ბრალდებული, რადიო თავისუფლების ამ კითხვას არ პასუხობს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღითაა მოკლული. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა.
დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ახალაია მოკრივე იყო. ის 16 მარტს გახდა 21 წლის.