მედია: ვინ აწამა საბა სხვიტარიძე პოლიციის განყოფილებაში – ჟურნალისტური გამოძიება

წამება პოლიციის მთავარ სამმართველოში – სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის მიერ, სასტიკი ანგარიშსწორებისა და გაუპატიურების მუქარის შესახებ სასამართლო დარბაზში მოყოლილი უმძიმესი ისტორიის შემდეგ, “შაბათის ეთერმა” დაადგინა და იპოვა ყველა პოლიციელი, ვისაც პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაში ამხელენ.

  • ლევან კუნდუხაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს უფროსი დეტექტივია, მისი გვარი იმ ოთხ ნიღბიან პოლიციელს შორის სახელდება, რომლებმაც აქტივისტი საბა სხვიტარიძე უკანონოდ გაიტაცა, ჯერ პოლიციის ავტომობილში აწამა, შემდეგ კი სამმართველოში ჯგუფურად ცემა და გაუპატიურებით დაემუქრა.

საბა სხვიტარიძის უკანონო დაკავების და შემდეგ წამების ისტორია 5 დეკემბერს დაიწყო – იმ დღეს კლინიკები სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი ხალხით, თბილისის ქუჩები კი რეჟიმის მოწინააღმდეგე მოქალაქეებით იყო სავსე. ოპოზიციონერი ლიდერები საღამოს 8 საათზე პოლიტიკურ კრიზისზე სალაპარაკოდ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შეიკრიბნენ. ამ დროს დაიწყეს სასტუმროსთან მობილიზება გადაცმულმა პოლიციელებმა. ყველა სახეს მალავდა, მათი ნაწილი „ტვ პირველმა“ ადგილზე ამოიცნო. მათ შორის იყო ბერას ძმაკაცი პოლიციელი, მირიან ქავთარაძე. კადრების გაშიფვრის შემდეგ კი ახლა დგინდება, რომ ოპოზიციის ლიდერებს ჩასაფრებას უწყობდნენ ლევან კუნდუხაშვილი, მიშა სუჯაშვილი და ამ სამმართველოს ბოსი – იოსებ იგივე სოსო სიგუა.

ოპოზიციის ლიდერებმა როგორც კი შეხვედრა დატოვეს, გადაცმულმა პოლიციელებმა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს, ამ დროს დაიწყო დაპირისპირება, ბერას ძმაკაცმა მირაიან ქავთარაძემ კი ქალის სცემა, თეონა ჭალიძეს იმ მომენტში დაარტყა, როდესაც გადაცმული პირის იდენტიფიცირებას ცდილობდა და ნიღაბი ჩამოხსნა. ამ დროს დაშავდა პოლიციელი მირიანი. საბა სხვიტარიძე 11 წლიანი მუხლით და პოლიციელზე წინასწარი განზრახვით თავდასხმის უმძიმესი მუხლით გაუშვა. რუსთველის გამზირიდან ბერას ძმაკაცი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს. საქმის მასალების მიხედვით, მირიან ქავთარაძემ საავადმყოფო 23 საათსა და 30 წუთზე დატოვა. სწორედ ამ დროს იწყებს ქალაქის დეტექტივების ოპერატიული სამმართველო საბა სხვიტარიძის სამაგალითოდ დასჯის ოპერაციაზე მუშაობას. ამ დროს აქტივისტი მამასთან ერთად დასავლეთში მიემგზავრებოდა – ზაზა სხვიტარიძე იხსენებს, რომ მოულოდნელად მისი ავტომობილი საპატრულო პოლიციამ გააჩერა. მის შვილს საპატრულო პოლიციამ ხელბორკილები ავტომობილის გაჩერებისთანავე ისე დაადო, რომ არ განუმარტეს რისთვის აკავებდნენ,არ ჰქონდათ განჩინება ან რაიმე დოკუმენტი. საპატრულო ეკიპაჟმა აქტივისტი საბოლოოდ თბილისის მიმართულებით გაიტაცა. ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფებოდა პატრულ-ინსპექტორი გიორგი ლობჟანიძეც. ზაზა სხვიტარიძეს კი გადადგილების უფლება არ მისცეს-ტელეფონი წაართვეს და -ერთი საათის განმავლობაში ავტომაგისტრალზე პრაქტიკულადთავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. მტკიცებულებებით დადასტურებულია რომ საპატრულო პოლიციამ უკანონოდ დაკავებული საბა სხვიტარიძე ქარელამდე ჩაიყვანა, ქარელში კი აქტივისტს ნიღბებით ე.წ. დაზარალებული პოლიციელის მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი და თბილისის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლები, ლევან კუნდუხაშვილი, თორნიკე ჯაფარიძე და ივანე, ვანო გავაშელიშვილი დახვდნენ. ხელბორკილდადებული საბა ავტომობილში გადაისვეს, რასაც აქტივისტის თქმით, მასზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მუქარა მოჰყვა. რა ხდებოდა გზაში ქარელიდან თბილისამდე და როგორ ძალადობდნენ პოლიციელები? – ფაქტზე საბა სხვიტარიძემ ჯერ ჩვენებაში შემდეგ კი სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, სხვიტარიძის დაკავების ადგილი გააყალბეს, დაწერეს, რომ ის სამმართველოს შენობაში ნებაყოფლობით გამოცხადდა და თითქოს ხელბორკილები შენობაში დაადეს.

ერთს ამტკიცებს პროკურორი და სულ სხვა ჩვენება მისცა გამოძიებას მირიან ქავთარაძის მოადგილემ მიხეილ სუჯაშვილმა – ის ადვოკატების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, საბა სხვიტარიძის წამების ფაქტზე კარლო კაციტაძის უწყებამ მომხდარიდან წლინახევრის შემდეგ გამოკითხა – პოლიციელი წერს, რომ საბა სხვიტარიძე მან ჯერ საპატრულო პოლიციას გააჩერებინა, დააკავებინა შემდეგ კი თანამშრომლებთან ერთად ავტო მაგისტრალიდან თავად გაიტაცა. სუჯაშვილის ეს ჩვენება ადვოკატის განცხადებით, ადასტურებს, რომ ის საბა სხვიტარიძის სავარაუდო წამების ერთ ერთი ფიგურანტია.

დაკავებულის ჩვენების მიხედვით სუჯაშვილის ავტომობილი აქტივისტის წამების ერთადერთი ადგილი არ ყოფილა – საბა სხვიტარიძის ცემა გონების დაკარგვამდე ნიღბიანმა პოლიციელებმა ქალაქის სამმართველოს ამასობაში გააგრძელეს -ჯერ მეხუთე სართულზე, სადაც ის სავარაუდოდ მირიან ქავთარაძის კაბინეტში შეიყვანეს, შემდეგ კი მერვე სართულზე, სადაც გამომძიებლის -სალომე ედიშერაშვილის ოთახში დანაშაულის აღიარებას ისევ ნიღბიანები აიძულებდნენ.

რა ხდებოდა მერვე სართულზე 5 დეკემბერს გამთენიისას? რა დაინახა გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა ? გადაადგილდებოდნენ თუ არა მის სამუშაო ოთახში ნიღბიანები და დაფარა თუ საბა სხვიტარიძის წამების ფაქტი?-ამ კითხვების დასასმელად „შაბათი ეთერი” გამომძიებელთან მივიდა. სალომე ედიშერაშვილს საუბარი არ სურს – საბა სხვიტარიძემ სასამართლოში დეტალურად გაიხსენა როგორ სცემეს ის სალომე ედიშერაშვილის კაბინეტში ე.წ. ნიღბიანმა პოლიციელებმა, როგორ ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით, როგორ დაამტვრიეს თავზე ნივთები და როგორ დაკარგა გონება რამდენჯერმე. თქვა ისიც რომ ძალადობის სერია მას შემდეგ იწყებოდა რაც აღიარებითი ჩვენების მიცემაზე ის გამომძიებელ ქალს უარს ეუბნებოდა. ამ დროს დაკავებულის მტკიცებით, ედიშერაშვილი ოთახს მიზანმიმართულად ტოვებდა -ნიღბიანები კი მის ცემას იწყებდნენ.

სალომე ედიშერაშვილი რომ სავარაუდოდ ცრუ მოწმეა, საბა სხვიტარიძის დაკავების ოქმში მის სხეულზე არსებული მძიმე დაზიანებებია აღწერილი – ნაკაწრები ზურგზე, დაზიანებები კიდურებზე, შუბლზე და დაბეჟილობები – ეს დაზიანებები ოქმში გამომძიებელმა თეოდორე გიორგაშვილმა აღწერა და შემდეგ სასამართლოშიც დაადასტურა. ერთ- ერთი ვერსიით, საბა სხვიტარიძის წამების ფაქტში მონაწილეობდა იოსებ სიგუაც – ხორავას საქმის გაყალბებაში ბრალდებული პოლიციელი ახლა იმ სამმართველოს შეფია, სადაც დაზარალებული მირიან ქავთარაძე მუშაობს.

ჟურნალისტებს ემალებიან წამების სავარაუდო მონაწილე მიხეილ სუჯაშვილი და თორნიკე ჯაფარიძეც. საბა სხვიტარიძის წამების ფაქტზე საგამოძიებო უწყებას გამოკითხული ჰყავს თბილისის საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი, გივი მაისურაძე და არაერთ სკანდალში გახვეული პოლიციელი ზურაბ ბეროშვილიც. ბეროშვილს გიორგი რურუა იარაღი ჩადებაში ადანაშაულებდა.