ლუის ენრიკე: “ენფილდზე” ვიმხიარულე – ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ სტადიონზე კარგად თამაში შეგვიძლია

16 მარტს, ლიგა 1-ის 26-ე ტურში, პსჟ „მარსელს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ფრანგული კლასიკო განსაკუთრებულია და მეტოქესთან 16-ქულიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს. მან აგრეთვე ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ განვლილ და „ასტონ ვილასთან“ მომავალ დაპირისპირებებზე ისაუბრა.
– „ლივერპულთან“ 120-წუთიანი შეხვედრის შემდეგ, დგას თუ არა გუნდი ფიზიკური გადაღლილობის საშიშროების წინაშე?
– იმ დაპირისპირებიდან ხუთი დღე გავიდა, ეს თითქმის მთელი კვირაა. ხვალ მე შემიძლია სასტარტოს ნებისმიერი თერთმეტი ფეხბურთელი გავიყვანო მოედანზე. სამ თვეში ჩატარებული სამუშაოს შედეგად, ჩვენ
შეგვიძლია ძალიან მაღალი დონე შევინარჩუნოთ. შეგირდებს ჩემს თვითდაჯერებულობას ვაჩვენებ და ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანი ვართ. მათი შრომის შედეგს დადებითად ვიმკი, ჩემს კარიერაში მუდამ ასე იყო.
– „ლივერპულთან“ გამარჯვება როგორ გაანალიზეთ?
– ეს სიგიჟედ მომეჩვენა. ორივე გუნდის შესრულებით მაღალი ინტენსივობის შესანიშნავი მატჩი გახლდათ. პრემიერლიგის ლიდერისთვის წაგება ადვილი არ არის. მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ, ორივე მატჩში მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. ორრაუნდიანი ბრძოლა უმაღლეს დონეზე ჩატარდა. „ენფილდზე“ ძალიან გავიხარე და ვიმხიარულე. ეს წარმატება ჩვენზე პოზიტიურად იმოქმედებს. ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ სტადიონზე კარგად თამაში შეგვიძლია.
– „ასტონ ვილასთან“ მეოთხედფინალებზე რას ფიქრობთ? რას იტყვით მათ მწვრთნელზე, უნაი ემერიზე?
– „მოწინააღმდეგეს ვიცნობ, მათი ბევრი მატჩი ვნახე. ახლა სრულიად სხვაგვარად ვუყურებ. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. უნაი ემერის დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი მისი შესაძლებლობები, ვიზავის თამაშის გაანალიზების უნარი გააჩნია. ჩვენთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. მან მრავალი წლის განმავლობაში მაღალ შედეგებს მიაღწია.