ცემში მდებარე კურორტი „განთიადი“ რამდენიმე მიმართულებით გეგმავს განვითარებას. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში რეზორტის დირექტორმა დიანა ჩომახაშვილმა განაცხადა, პირველ რიგში გაზაფხულამდე იგეგმება სამედიცინო სერვისების დამატება, ვინაიდან კურორტზე დასასვენებლად მეტწილად გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მიზნებით ჩადიან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როცა აქ შემოვა დამსვენებელი, მას გარეთ გასვლის მოთხოვნილება არ გაუჩნდეს აქ ყოფნის პერიოდში. სწორედ ამიტომ გვაქვს სამჯერადი კვება, ბავშვთა გასართობი ოთახი და პროგრამები, თუმცა ამის გარდა, კარგი სარესტორნო მომსახურება და სამედიცინო სერვისებიც საჭიროა.
რადგან ჩვენ ვპოზიციონირებთ როგორც რეზორტი, ამიტომ გვინდა, სამედიცინო სერვისებს ჩვენთან ღირსეული ადგილი დაეთმოს. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. დღესაც გვყავს ექიმი, რომელიც კონსულტაციებს გასცემს, მაგრამ გვინდა, რომ აქ ჩამოსულ დამსვენებელს ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაიტაროს სამედიცინო პროცედურებიც. მათ შორის ინჰალაციები, კლიმატოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები და ფიზიოთერაპიული და ელექტრომაგნიტური პროცედურები, რომელიც ტარდება როგორც რბილ ქსოვილებზე, ასევე ძვალსახსროვან სისტემაზე. ვგეგმავთ გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო აბაზანების უზრუნველყოფასაც. ამ სერვისებს მაისიდან მომხმარებლებს აქტიურად შევთავაზებთ“, – აღნიშნა დიანა ჩომახაშვილმა.
მისივე თქმით, იგეგმება კურორტის ინფრასტრუქტურული ნაწილის გაუმჯობესებაც. რეზორტს ამ ეტაპზე მხოლოდ გარე აუზი აქვს და გეგმავენ შიდა აუზის დამატებასაც. თუმცა ყველაზე მასშტაბური პროექტი ვილების მშენებლობაა.
„10 ვილა აშენდება „განთიადის“ ტერიტორიაზე. აპრილიდან დაიწყება მშენებლობა. ვილებს ყველას ექნება თავისი ეზო და ინდივიდუალური სამზარეულო, ვინაიდან არიან დამსვენებლები, რომელთაც ურჩევნიათ, თავად მოიმზადონ საკვები. ვილებზე ქართველების მხრიდანაც დავინახეთ მოთხოვნა, თუმცა ასევე არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულ დამსვენებლების მხრიდანაც, რადგანაც მათი კვებითი ჩვევები არის განსხვავებული და ამიტომ ურჩევნიათ ხოლმე რომ იზოლირებულ გარემოში იყვნენ“, – აღნიშნა „განთიადის“ დირექტორმა.
მას იმედი აქვს, რომ ვილების აშენების და ასევე სამედიცინო სერვისების დამატების შემდეგ, მათ რეზორტზე უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. „ზოგადად უცხოელების სეგმენტის მოზიდვაზე გახსნის დღიდან ვმუშაობთ, თუმცა მაინც ჩვენთან ამ დრომდე დამსვენებლების 95% ადგილობრივები არიან. სამედიცინო სერვისების განვითარების შემდეგ დამსვენებლებს პოსტსაბჭოთა სივრციდანაც ველოდებით, მათ შორის ყაზახეთი, შუა აზიიდან. ვფიქრობთ რომ ამ სეგმენტს აუცილებლად დავიმატებთ“, – განმარტა დიანა ჩომახაშვილმა.
„განთიადის“ დირექტორი ასევე ამბობს, რომ მათ გეგმებში შედის განთავსების ობიექტის „მწვანე სასტუმროდ“ გადაკეთებაც, რაც მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.
„ახლა სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობთ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავთ გამოვიყენოთ გარშემო მდებარე ტყის ბიომასა, რომელსაც საწვავად გარდავქმნით და შენობას გავათბობთ. ბიომასაში წიწვების, გირჩების და ტოტების ნარჩენები, რომელიც ტყეში გროვდება იმაზე მეტი რაოდენობით, რაც ტყეს თვითგანვითარებისთვის სჭირდება. ამ პროექტს განვახორციელებთ მწვანე ინჟინერიის ცენტრის დამფუძნებელ, ზაალ ხელაძესთან ერთად“, – განაცხადა დიანა ჩომახაშვილმა.
კურორტის დირექტორის თქმით, დაგეგმილი აღნიშნული პროექტებისთვის დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომელსაც როგორც საბანკო დაფინანსებით, ასევე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების დახმარებით აპირებენ.
დიანა ჩომახაშვილის თქმით, 5-მილიონიანი საწყისი ინვესტიციის შემდეგ, 2 მლნ-ის პროექტები მათი განვითარების მეორე ფაზა იქნება.
„დასაწყისში განხორციელებული ინვესტიციის შემდეგ, დიდი ინვესტიცია აღარ განვიხორციელებია. მეორე ფაზა კი უკვე ახლა იწყება ვილების მშენებლობის სახით. ოჯახმა შიშველი ხელებით და ენთუზიაზმით დავიწყეთ და რაღაცის შექმნა შევძელით, ახლა კი ვფიქრობ, რომ უფრო მყარად დადგება ეს ბიზნესი და გააგრძელებს განვითარებას“, – დასძინა მან.
