ცემში მდებარე კურორტი „განთიადი“, რომელიც მეოთხე წელია ოპერირებს, წლევანდელი ზამთრის სეზონის დატვირთულობით კმაყოფილია. როგორც მისი დირექტორი დიანა ჩომახაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, წელს დატვირთულობა საშუალოზე მაღალი იყო. მისივე თქმით, სეგმენტი, რომელიც „განთიადში“ ყველაზე ხშირად დადის დასასვენებლად, ბავშვიანი ოჯახებია.
„გამოდის, ძირითადად ადგილობრივ სეგმენტზე ვმუშაობთ, რომლის წილიც დაახლოებით 95%-ია. ცემი როგორც კლიმატური კურორტი ყოველთვის პოპულარული იყო, მას გამაჯანსაღებელი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ბავშვების იმუნური სისტემისთვის. ამიტომაც ბავშვიანი ოჯახები ყველაზე ხშირად გვსტუმრობენ“, – ამბობს „განთიადის“ დირექტორი.
მისივე თქმით, ყველაზე პოპულარული სეზონი მათ კურორტზე ზაფხული და ზამთარია, თუმცა მარტის სასკოლო არდადეგებზეც არის მოთხოვნა და მაისში ფიჭვისა და ნაძვის დამტვერვის პერიოდშიც.
როგორც „განთიადის“ დირექტორი აღნიშნავს, მათი რეზორტის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ერთ სივრცეში ბევრი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. მათ შორის სამჯერადი კვება, ბავშვების გასართობი პროგრამები და ა.შ.
„ჩვენთან ბავშვთა ოთახი ისეა წარმოდგენილი, როგორც მინი საბავშვო ბაღი. ეს თავიდან ასე არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მოთხოვნამ განაპირობა. როდესაც ვნახეთ, რომ ჩვენი მთავარი დამსვენებელი არის ბავშვი და რეალურად მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი, ამიტომ ჩვენც ასე ვუდგებით. ჩვენ სწორედ მისი საჭიროებიდან გამომდინარე ვავითარებთ სასტუმროს“, – ამბობს დიანა ჩომახაშვილი.
რაც შეეხება ტარიფებს, მისი თქმით, ყველაზე მაღალი ტარიფი მოქმედებს ივლის-აგვისტოს პერიოდში და ასევე იანვრის დასაწყისში, დანარჩენი პერიოდი კი სტანდარტული ფასია, რა დროსაც ორადგილიან ნომრის საფასური სამჯერადი კვებით $90 ჯდება.
ცნობისთვის, მთის კურორტი “განთიადი” ცემში, ძველ ბავშვთა სანატორიუმ “განთიადის” ბაზაზე გახსნილი 70-ნომრიანი სასტუმროა. დღეს მოქმედი საოჯახო სასტუმროს ადგილას 1973 წლიდან 2022 წლამდე სანატორიუმი “განთიადი” ფუნქციონირებდა. მის სასტუმროდ გადაკეთებაში კი ოჯახმა 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
