მარმარილოს ექსპორტის პოტენციალი გვაქვს, მაგრამ შესაბამისად არ მუშავდება – მაია ზავრაშვილი

საქართველოში ბუნებრივი ქვის წარმოების მიმართულება ნელ-ნელა ვითარდება და ამ მხრივ ექსპორტიც აქტიურდება. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში Colliers Georgia MMS-ს მმართველმა პარტნიორმა მაია ზავრაშვილმა განაცხადა, საქართველოდან ექსპორტის თვალსაზრისით ბუნებრივ ქვებს შორის საინტერესოა კირქვა. მარმარილო კი საექსპორტოდ არ მუშავდება.
„ბუნებრივი მოსაპირკეთებელი კირქვის სახეობის ქვა კომერციული რაოდენობებით ექსპორტზე გადის. მარმარილოს შემთხვევაში კი, კარიერები გვაქვს, მაგრამ არცერთი არ მუშავდება ისე, რომ საინტერესო იყოს საერთაშორისო ბაზრებისთვის.
მარმარილო მხოლოდ მცირე რაოდენობით მუშავდება და ისიც ადგილობრივი მოხმარებისთვის. არ გვაქვს მსგავსი ტიპის კარიერები. ბევრი კრიტერიუმი აქვს საექსპორტო ბაზრებს, ქართული მარმარილო იმ კრიტერიუმებში ვერ ჯდება, რომ საინტერესო იყოს იმპორტიორებისთვის“, – აღნიშნა მაია ზავრაშვილმა და დასძინა, რომ მარმარილოსაც აქვს ექსპორტის პოტენციალი, თუმცა შესაბამისად აღჭურვილი კარიერების მოწყობას დიდი ინვესტიციები სჭირდება.
„პოტენციალი გვაქვს მარმარილოშიც, ვინაიდან გვაქვს მარმარილოს კარიერები, მაგრამ საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, რასაც სჭირდება სოლიდური ინვესტიციები. ამას ემატება საჯარო ინფრასტრუქტურა, რომელიც არაა მოწესრიგებული. კარიერამდე რომ მიხვიდე, გზა გჭირდება. სანამ გზები და კომუნიკაცია არ იქნება მოწესრიგებული, მანამდე რთულია ამაში ინვესტიციის ჩადება. მარმარილოს პოტენციალი არის კახეთში, დასავლეთ საქართველოში, საბადოებია მაღალმთიან რეგიონშიც, რომელსაც უდიდესი ინვესტიცია სჭირდება, რომ ქვამდე მიხვიდე და გადახსნა კარიერი. ანუ, პოტენციალი არის, მაგრამ საკმაოდ კაპიტალტევადი საქმიანობაა, არ არის სწრაფი ფულის მომტანი და საინვესტიციოდ ბევრი არ მოდის“, – განმარტა ზავრაშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კირქვის კარიერების დამუშავებასა და წარმოებას კომპანია “ზოდის” ჯგუფში შემავალი “ლაიმსთოუნ ჯორჯია” ახორციელებს, კომპანიას კარიერები ხარაგაულში აქვს. სწორედ მათთან პარტნიორობს კომპანია Colliers Georgia MMS, რომელიც რამდენიმე წელია კირქვის საექსპორტო ბაზრებზე გატანას უზრუნველყოფს. როგორც მაია ზავრაშვილმა აღნიშნა, ექსპორტზე გრანიტის ფილების გატანაც სცადეს, მათ შორის ისრაელში, მაგრამ მას არ ჰქონდა კონკურენტუნარიანი ფასი.
„ამ კუთხით ვერ ვართ საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილი, თან არცაა მიმზიდველი ეს ქვა, ვინაიდან ყველგანაა გრანიტი და არ არის ისეთი მოთხოვნადი, რომ ახალ ბაზრებზე გახვიდე“, – დასძინა Colliers Georgia MMS-ს მმართველმა პარტნიორმა.