უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ კომერციულმა ბანკებმა ახალი დეველოპერული პროექტების დაფინანსება შეანელეს.
როგორც BMG-სთან კომპანია „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი აცხადებს, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ბანკები ახალ პროექტებს ნაკლებად აფინანსებენ, რის გამოც მოლოდინია, რომ კომპანიები ახალი დეველოპერული პროექტების დაწყებას გადაავადებენ.
“კომერციული ბანკები ახალ დეველოპერულ პროექტებს ფაქტობრივად აღარ აფინანსებენ, ბანკებიც მოლოდინის რეჟიმში არიან, რომ სიტუაცია გამოსწორდება და განაახლებენ ამ სექტორის დაფინანსებას. ვფიქრობ, ახალი პროექტების დაწყება გადავადდება და გარკვეული პერიოდით შესაძლოა, ახალი დეველოპერული პროექტების მიწოდების დეფიციტი შეიქმნას. დეველოპერების უმრავლესობა თავს შეიკავებს ახალი პროექტების დაწყებისგან. ჩვენც საკმაოდ მასშტაბური პროექტების დაწყება გვქონდა გეგმაში, თუმცა მათ დაწყებას არ ვჩქარობთ, ვიდრე ბაზარზე ბანკები არ გააქტიურდებიან”, – განაცხადა ვლადიმერ რობაქიძემ.
ამასთან, „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორის თქმით, შექმნილი ვითარება მშენებარე პროექტებს რისკებს არ უქმნის, რადგან მათში ბინების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.
“არსებულ მშენებარე პროექტებს პრობლემა არ შეექმნება, ბინების 70-80% უკვე გაყიდულია. ისინი ბანკების მიერ უკვე დაფინანსებულია, “შეკრულია” ეს პროექტები. აქ ძირითადად იმაზეა საუბარი, რომ ახალი პროექტები გადავადდება. ბაზარზე მნიშვნელოვან რისკებს ვერ ვხედავ. ის კლიენტები, ვისაც უძრავი ქონების შეძენა სურს, არსად არ წავლენ. იანვარ-თებერვალში გაყიდვებში კლება იყო, თუმცა როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, ისინი კვლავ შეიძენენ ბინებს და სამომავლოდ, მოთხოვნა გაიზრდება”, – განაცხადა ვლადიმერ რობაქიძემ.
ცნობისთვის, უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. იანვრის შემდეგ, თბილისში ბინების რეალიზაცია თებერვალშიც შემცირებული იყო. Colliers Georgia-ს მონაცემებით, გასულ თვეს დედაქალაქში სულ 3 205 ბინა გაიყიდა, რაც ბინების წლიურად 8.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
