“ჩვენი დონალდის ამბავი: ამ სახელმა ბოლო დღეებში ნახევარი მსოფლიო გაამწარა, მაგრამ მე ამ დონალდზე არ მოგითხობთ. ჩვენს დონალდს უფრო აკადემიური წრეები იცნობენ. პროფესორი დონალდ რეიფილდი, ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტის ემერიტუსი, დასავლური ქართველოლოგიის ყველაზე მხცოვანი ვეტერანია. გუშინ ქოცების კულტ. ინტელიგენციას რაღაც ღონისძიება გაუმართავს ლონდონში და მისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ. დონალდ რეიფილდმა გაიხსენა ბოლო თვეებში ადამიანების ცემა, დევნა, შეადარა ისინი საბჭოთა დროის დისიდენტებს – კოსტავას, გამსახურდიას – რომლებსაც ის კარგად იცნობდა და თქვა “მე ქართული ოცნებისგან ვერანაირ ჯილდოს ვერ მივიღებ!” საერთოდ არ გამკვირვებია. მინდა გავიხსენო “ჩემი წილი” დონალდ რეიფილდი, რამდენიმე ეპიზოდი ჩვენი ურთიერთობიდან: 2012 წელს მოვიგე რუსთაველის ფონდის გრანტი და ბრიტანეთში წავედი არქივებში სამუშაოდ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში უნდა მემუშავა უორდროპების არქივზე. ამ დროს დონალდი მარჯორი უორდროპის ქართველოლოგიურ ფონდს ხელმძღვანელობდა. ამ ფონდს უნდა მოეცა დაშვება. თან, რეკომენდაცია უნდა გაეწია ჩემთვის, რომ როგორც გარეშე პირი სანდო ვიყავი ბოდლიანში შესასვლელად. დაშვებაც მომცა და რეკომენდაციაც დამიწერა. ამავე დროს, მინდოდა უორდროპების საფლავის ნახვა კენტის საგრაფოს სოფელ სევენოუქსის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ანგლიკანური ეკლესიის ეზოში. საკმაოდ დიდი სასაფლაოა და ვკითხე როგორ მივიდეთქო. შენ აქამდე ჩამოდი, რკინიგზის სადგურთან დაგხვდები და მე მიგიყვანო. შეგახსენებთ, ამ დროს მე ვარ 27 წლის მისთვის უცნობი ქართველი დოქტორანტი და ის არის 70 წელს გადაცილებული ცნობილი პროფესორი. დამხვდა სადგურზე, წამიყვანა მაღაზიაში ყვავილების საყიდლად და მერე მიმიყვანა სასაფლაოზე. წვიმიანი დღე იყო. იმ საფლავზე ხალხს აღარ ასაფლავებენ და ამიტომ შემოღობილი და დაკეტილია. გასაღები აქვს ეკლესიის წინამძღვარს. ეს წინამძღვარი ცოტა უჟმური კაცია, შეიძლება არ შეგვიშვას და მოდი ღობეზე გადავძვრეთო:))) ამხელა კაცი ჩემთან ერთად გადაძვრა ღობეზე, თან უკან იხედებოდა წინამძღვარმა არ დაგვინახოსო. მერე იყო და თსუ-დან მრიცხავდნენ, კლანების საჯარო კრიტიკის გამო, “ეთიკის კომისიის” მოშველიებით. ამას დაუპირისპირდა დონალდი და უძლიერესი რეცენზია დაწერა, რომელიც შენახული მაქვს და რომლითაც ახლაც ვამაყობ – “ბექა კობახიძის დისერტაცია წარმატებას მიაღწევდა ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში და ის უნდა გამოიცეს, მათ შორის ინგლისურ ენაზეც”. ის ამატებდა, რომ ჩემს გარიცხვას ის ხმამაღლა დაუპირისპირდებოდა, რაც დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებდა თსუ-ს. 2018 წელს დასავლეთელმა მეცნიერებმა წერილი მიწერეს მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და არქივებზე წვდომის გაადვილება სთხოვეს. რასაკვირველია, დონალდი ამ წერილის ხელმომწერი იყო. 2020 წელს, რუსთაველის ფონდის მაშინდელმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაჯარიმება დამიპირა ყოვლად აბსურდული მოტივით. ეს იყო შურისძიება იმის გამო, რომ მე მის სტატიაზე მკვახე აკადემიური რეცენზია დავწერე. ბრიტანეთის, ამერიკის და სხვა დასავლური ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა დაწერეს საპროტესტო პეტიცია ამ პერსონალური ვენდეტის წინააღმდეგ. დონალდმა არათუ ხელი მოაწერა ამ პეტიციას, არამედ მომწერა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ რაღაც პროექტში მონაწილეობა მთხოვა და თუ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტენ შენს წინააღმდეგ შურისძიებას, მე უარს ვიტყვი მონაწილეობაზეო. ჰოდა, ვის გაუკვირდებოდა ახლა ის ამბავი, რომ ქოცის სისხლიანი ხელიდან ეს კაცი ჯილდოს არ აიღებდა.
ქოცები არიან ქაჯები, როცა იფიქრეს, რომ გიორგი კალანდიას დაუყენებდნენ ამ კაცს პოდიუმზე.
დონალდ რეიფილს გაუმარჯოს!” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე.
