„კომპანიას აღარ უღირს მაღაროების ამუშავება, თუმცა უარს არ ამბობს ჭიათურიდან გასვლაზე და ლიცენზიის დათმობაზე“ – რას ითხოვენ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მაღაროელები

„კომპანიას აღარ უღირს მაღაროების ამუშავება, თუმცა უარს არ ამბობს ჭიათურიდან გასვლაზე და ლიცენზიის დათმობაზე“ – რას ითხოვენ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მაღაროელები
,,ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროელებთან დადებული პირობა დაარღვია და 1 მარტიდან საქმიანობა არ განაახლა. რა გახდა გაჩერების მიზეზი? კომპანიამ წერილობით აცნობა დასაქმებულებს, რომ მაღაროები წამგებიანია და ,,ჯორჯიან მანგანეზს” აღარ უღირს საქმიანობის გაგრძელება. თუმცა, კომპანია მზადაა ლიცენზიები მას გადასცეს, ვინც მოპოვებაზე თანახმა იქნება. ეს დასაქმებულებთან ბოლო კომუნიკაცია იყო. მას შემდეგ მაღაროელებს კომპანიის წარმომადგენლები არ შეხვედრიან.
,,კომპანია წერილობით იტყობინება, რომ გერმანულ კვლევით ცენტრს ჩაატარებინეს კვლევა და დასკვნით მაღაროები წამგებიანია და კომპანიას აღარ უღირს მაღაროების ამუშავება. თუმცა, უარს არ ამბობს ჭიათურიდან გასვლაზე და ლიცენზიის დათმობაზე, რომ სხვამ მოიპოვოს და გაიტანოს ამაზე უარს არ ამბობს. კომპანიამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ დაამთავრა აქ მუშაობა და მაღაროებს აღარ ხსნის. ეს იყო წერილობითი განცხადება და ამით შემოიფარგლა, არ შეგვხვდნენ დასაქმებულებს, რამე სხვა ოფიციალური დოკუმენტი არ გვინახავს. ჭიათურის ტერიტორიაზე აბსოლუტურად არავინ არის, ვინც შეიძლება შეგვხვდეს და შეიძლება რამე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვითხრას ან რამე გადამწყვეტი თქვას. რაც შეეხება ცენტრალურ ოფისს, არავინ ჩამოსულა სათავო ოფისიდან. 2024 წლის ნოემბრიდან 1 მარტის ჩათვლით ,,ჯორჯიან მანგანეზმა“ აწარმოა მოპოვება, გამდიდრება და გადაზიდვა. თავისი პატარა, წვრილ-წვრილი შპს.-ების ხელით გაიტანა ჭიათურიდან 70 ათასი ტონა გარეცხილი ანუ გამდიდრებული მანგანუმი. უკვე ამ მანგანუმის ხარჯზე და ზედ დამატებული აფრიკიდან შემოტანილის ხარჯზე, რომელსაც ერთმანეთში აზავებს და აჯენს რაღაც ხარისხს და ასე ადნობს ფეროში, აქვს შესაძლებლობა, რომ რამდენიმე თვით, ჩვენი ვარაუდით სამი თვით მაინც შეუძლია, რომ იმუშაოს.’’- აცხადებს „კომერსანტთან“ მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.
ტარიელ მიქაცაძე ერთ-ერთია იმ 3 600 ადამიანს შორის, რომელიც უმუშევარი დარჩა. მაღაროელი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კომპანიამ მუშაობის შეწყვეტის შესახებ დასაქმებულებს წერილობით აცნობა და მას შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა. ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ ეს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დარღვეული ერთადერთი პირობა არ არის. კომპანიას დასაქმებულებისთვის არ აუნაზღაურებია ის ფინანსური ვალდებულება რაც ხელშეკრულებით იკისრა. საუბარია მაღაროელებისთვის ხელფასის 60%-ის გადახდაზე, რომელიც კომპანიას გაჩერების პერიოდში უნდა გაეცა.
,,2024 წლის 1 ნოემბრიდან, როდესაც გავჩერდით იყო ასეთი შეთანხმება ხელშეკრულების დონეზე, რომ მაღარო ამუშავდებოდა არაუგვიანეს 2025 წლის 1 მარტს. ამის საფუძველზე გავჩერდით. შეთანხმება იყო, რომ ამ პერიოდში მოგვცემდნენ ანაზღაურებას ხელფასის 60%-ს და შენარჩუნდებოდა სადაზღვევო პაკეტი. ჩვენთან ერთად ზესტაფონის ფეროც გაჩერებული იყო და იქ რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. როდესაც დადგა 1 მარტი, გაეშვა ზესტაფონის ფერო და არ გაეშვა ჭიათურის მაღაროები. ჭიათურაში ამჟამად არის ეკონომიკურად ძალიან კრიტიკული ვითარება. რადგან კომპანიას 2 თვის და 3 თვის ხელფასები აქვს გასაცემი. ის 60% ჭიათურის მაღაროელებისთვის 2 და 3 თვის გასაცემი აქვს. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაც არის, რომ აუცილებლად გაიცეს დაგროვილი ხელფასი, რადგან ხალხს ბანკის სესხები აქვს და კომუნალურების გადაუხდელობის გამო უჭრიან დენს, გაზს და ა.შ. ’’- აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.
მაღაროელები ამბობენ, რომ ისინი უყურადღებობას განიცდიან არა მხოლოდ კომპანიის მხრიდან, არამედ პროფკავშირებისგანაც. ტარიელ მიქაცაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებ, რომ მათ პროფკავშირებს პროტესტის პირველივე დღეს მიმართეს, თუმცა მათგან იგნორირება მიიღეს.
,,სრულად იგნორირებულები ვართ პროფკავშირებისგან. ჩვენ ამ ეტაპზე ისევ ვართ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წევრი. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ხელფასიდან 1%-ს ვუხდიდით პროფკავშირებს და იყო ის სიკეთეები რაც შეიძლება იყოს მინიჭებული პროფკავშირებზე ჩვენგან. როდესაც დაგვჭირდა იურიდიული და ფინანსური მხარდაჭერა ამ პროტესტის პერიოდში, პროტესტის პირველივე დღიდან ვაცნობეთ დარგობრივ პროფკავშირს და პირველად პროფკავშირს და ყველა აბსოლუტურად გაქრა, პირდაპირი მნიშვნელობით.’’- აცხადებს მაღაროელი.
მაღაროელებმა მიმართეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასაც. თუმცა, ამბობენ, რომ მათგან ამ დრომდე არ ყოფილა რეაგირება. – ,,მერიასთან გვქონდა სამი დღის განმავლობაში ურთიერთობა. ჩვენი მოთხოვნები ფურცელზე გადავიტანეთ. განცხადების სახით მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, მივმართეთ სრულიად მთავრობას, რომ დროულად იღონ ყურად ეს მდგომარეობა და დაგვეხმარონ, რამე ქმედითი ნაბიჯები გადადგან ამ ქალაქთან დაკავშირებით. თუმცა რამე ხელშესახები, ოფიციალური და ჭიათურისთვის საკეთილდღეო არც ჩანს, არც გაკეთებულა და იმედიც არ არის.’’- აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.
რას ითხოვენ მაღაროელები?
· ხელფასების გაცემა. (ანაზღაურების 60%, რაც კომპანიას გაჩერებული თვეების პერიოდში უნდა გაეცა)
· გადაიბაროს მთავრობამ მმართველობაში მაღაროები.
· შეიქმნას ჭიათურის ფონდი, რომელშიც გაყიდული მანგანუმიდან გარკვეული % ჩაირიცხება.
· არასწორი მოპოვების შედეგად დაზარალებული ქონებისა და ზარალის ანაზღაურება.
· ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება.