აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის შემდეგ, დღეს, 2025 წლის 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.
ჯერჯერობით მხარეებს დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერიათ.
თავდაპირველად, როგორც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური იუწყება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიჰუნ ბაირამოვმა გამოაცხადა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
მოგვიანებით ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებამაც დაადასტურა.
თუმცა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური არხებით ერევნის მიერ ბაქოსათვის ინფორმაციის გაზიარების შემდეგ „ბაქომ ცალმხრივი განცხადების გაკეთება“ არჩია.
მინისტრმა ბაირამოვმა განაცხადა ისიც, რომ სომხეთი დაეთანხმა აზერბაიჯანის იმ შეთავაზებას, რაზეც აქამდე თავს იკავებდა, – სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებას.
სომხეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ დაეთანხმა ორ აქამდე შეუთანხმებელ დებულებასაც, – მათ შორისაა კონსტიტუციის ცვლილებაც.
შეთანხმება, არაერთი მედიის ცნობით, არ მოიცავს „ზანგეზურის დერეფნის“ მოთხოვნას – რაც ბაქოს მოთხოვნებს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და რასაც სომხეთი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა.
12 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ „უახლოეს მომავალში“ შესაძლებელი იქნებოდა შეთანხმების მიღწევა.
დოკუმენტის სახელწოდებაა „შეთანხმება სომხეთისა რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა