პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, დაწყებული აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსთაველის გამზირზე დაყენებული კამერების მეშვეობით ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა.
ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საიას საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა. საიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამართალდარღვევის საფუძვლით საქმის წარმოებისას, მასობრივად იყენებს სახის ამომცნობ კამერებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, 18 თებერვალს, საკუთარი ინიციატივით, დაიწყეს 2 დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება), რომელიც მოიცავს:
· შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კამერების მეშვეობით (თბილისი, რუსთაველის გამზირი) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას;
· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას.
„აღნიშნულის თაობაზე, 2025 წლის 20 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეცნობა წერილობით.
პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების 2 შემოწმება (ინსპექტირება) მიმდინარე ეტაპზეა, შესაბამისად, მის დასრულებამდე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამსახური მოკლებულია წინასწარი შეფასების შესაძლებლობას“,- აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
