ჭიათურის მაღაროების მართვაში მყოფი კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ მაღაროელებისთვის კომპენსაციების განსაზღვრასა და მიმდინარე დავალიანებების გადახდაზე მუშაობს. ამის შესახებ CMC – სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თემურ ხონელმა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელი პირების ჭიათურაში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ჭიათურის საწარმოების მართვა ერთი წლის წინ გადაეცა. მისი მთავარი მიზანი იყო დაენერგა ახალი ტექნოლოგიები და შეემცირებინა მოპოვების თვითღირებულება. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ რიგი პრობლემების გამო კომპანიამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და 7 – მარტს CMC – მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და განმარტა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით მაღაროებში მისწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
28 თებერვლიდან ჭიათურაში მოსახლეობა საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავს. ისინი კომპანიისგან მხოლოდ დაპირებული ხელფასის 60%-ის დარიცხვას ითხოვენ. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა კი ჭიათურის მაღაროების მართვაში სახელმწიფოს ჩართვაა.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელი პირების სხდომის შემდეგ, CMC – სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თემურ ხონელმა განაცხადა: „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.
რა თანხა დასჭირდება ამისთვის კომპანიას ჯერ ვერ აზუსტებენ. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელმა პირებმა განიხილეს ჭიათურის მაღაროებში არსებული მდგომარეობა და გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებას.
„განვიხილეთ ის ჩიხური სიტუაცია, რა პირობებშიც და რის გამოც კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია სამ ძირითად ფაქტორზე: DMT-ის დასკვნაზე, შუქრუთის კრიზისზე და პროფკავშირების მიერ კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სიმძიმეზე. ეს სამი ძირითადი ფაქტორია ის დაუძლეველი გარემოება, რომლის პირობებშიც დღეს პრაქტიკულად გამორიცხულია წინაპირობების არსებობა ბიზნესის საწარმოებლად და კომპანიას უწევს ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება. ამ მიზეზებს დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ვებრძოდით. მარტო ბოლო წლის განმავლობაში 138 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც მხოლოდ ხელფასების ნაწილზე დარიგდა 82.6 მლნ ლარი, თუმცა ჩვენი ყველა შედეგი ამ მიზეზების დაძლევასთან დაკავშირებით ფიასკო განიცადა. ის მისია რასაც CMC ისახავდა, რომ გაეუმჯობესებინა და განვითარებაზე ორიენტირებული გაეხადა კომპანია, პრაქტიკულად შუქრუთის კრიზისის გამო ჩავარდა.
ცნობილია, რომ თითქმის ერთი წელიწადია პიკეტირებულია ძირითადი მოპოვების 70%, რამაც შეუძლებელი გახადა ფინანსური შედეგების გაუმჯობესება. დღეს, კომპანიას პრაქტიკულად არ აქვს გადაწყვეტა ამ კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით. არაერთი შეხვედრა, მოლაპარაკება და შეთავაზება გავაცხადეთ, ბოლოს იყო სახელმწიფოს მონაწილეობით შემდგარი სამმხრივი კომისია, თუმცა ამანაც შედეგი ვერ გამოიღო. ასეთ პირობებში კომპანიას ყველანაირი რესურსი ამოეწურა, მათ შორის საკრედიტო მიმართულებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანია ფინანსდებოდა საბანკო კრედიტების მეშვეობით და სამწუხაროდ, რესურსზე წვდომა აღარ გააჩნია“, – განაცხადა თემურ ხონელმა.
