მიხეილ სააკაშვილს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მას აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით და 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.
ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. მანამდე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რომ სხდომას ვერ გადადებდა ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო, რადგან ამას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
„მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს ცხრა წლის თავისუფლების აღკვეთა და სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი“, – განაცხადა მოსამართლემ.
მოსამართლემ აქვე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, საქმიდან „ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოირიცხოს“, რადგან მისივე განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ თეიმურაზ ჯანაშიამ უშუალოდ გახარჯა საბიუჯეტო თანხები.
„მას არც პირადად და არც მიხეილ სააკაშვილთან ერთად არ მოუხდენია აღნიშნული საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. შესაბამისად, იგი გაფლანგვის თანაშემსრულებლად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილსაც საქმიდან ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოერიცხოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეიმურაზ ჯანაშიას დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია. იგი გახლდათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების ბიუჯეტიდან თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე, მან კი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, უპირატესობა მიანიჭა იმჟამინდელ პრეზიდენტს და იმოქმედა მისთვის გამორჩენის მიღების მიზნით. თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა; სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 9 მილიონზე მეტი ლარით, მხოლოდ მატერიალურ ზიანშიც არ არის საქმე, არამედ – მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიადგათ რეპუტაციული ზიანი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იქცა კორუფციულ სალაროდ, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს მიადგა რეპუტაციული ზიანი, რადგან დადასტურდა, რომ თანამდებობა გამოყენებული იქნა პირადი მიზნებისთვის. რაც შეეხება საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს, ის გამოხატა იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, რომელიც არის ხალხის ფული, უნდა იხარჯებოდეს ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა პირადი ინტერესებისთვის. ასე რომ, თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებაში სახეზეა არა გაფლანგვის, არამედ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები ისეთი დანაშაულის, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მან სწორედ ამ დანაშაულისათვის უნდა აგოს პასუხი.
თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება დაკვალიფიცირებული სსსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე. თეიმურაზ ჯანაშია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 300 ათასი ლარის ოდენობით. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, შეწყალების მოთხოვნით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი დაახლოებით 9 მილიონი ლარის ოდენობის თანხის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვას ედავებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. საგამოძიებო უწყების ცნობითვე, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა და ამავე დღეს პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით.