სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე გაიტაცეს. უწყების ცნობით, ერთი მათგანი უკვე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ორი კი კვლავ საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დაპატიმრებული.
რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქეები გორის რაიონის სოფელ ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
“ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აცხადებენ სუს-ში.
დაახლოებით სამი კვირის საქართველოს ორი მოქალაქე – კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე ოკუპანტებმა ქარელის რაიონიდან გაიტაცეს. ისინი ორი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.
