„ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ენერგეტიკის მომავალს რეგიონში და ერთად მივაღწევთ საერთო მიზანს – სუფთა, დაკავშირებულ და უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავალს“ – ლევან დავითაშვილი

„ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ენერგეტიკის მომავალს რეგიონში და ერთად მივაღწევთ საერთო მიზანს – სუფთა, დაკავშირებულ და უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავალს“ – ლევან დავითაშვილი
საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიარტო, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ჟეჩო სტანკოვი. საქართველოს მხრიდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.
„ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ენერგეტიკის მომავალს რეგიონში და ერთად მივაღწევთ საერთო მიზანს – სუფთა, დაკავშირებულ და უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავალს. ამისთვის გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და თანამშრომლობა, რომ ჩვენი გეგმები რეალურ ქმედებებად ვაქციოთ. გულწრფელ მადლობას ვუხდი პარტნიორ ქვეყნებსა და დაინტერესებულ მხარეებს აქტიური მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მინისტრებმა იმსჯელეს, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები იყო. მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.
„მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ერთობლივ წერილს ევროკომისარ დან იორგენსენისთვის, რომელშიც ხაზგასმულია ევროკავშირისგან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მწვანე ენერგეტიკული მომავლისთვის“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს განახლებად ენერგიაზე სწრაფი გადასვლის მნიშვნელობაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილურობისა და გარემოს დაცვის გასაუმჯობესებლად.
მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე მემორანდუმი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის 2022 წელს გაფორმდა. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებისა და დადებითი შედეგების მიღების შემდეგ დაფუძნდა ერთობლივი საწარმო “მწვანე ენერგიის დერეფნის ელექტროენერგიის კომპანია,” რომელიც გააერთიანებს ტექნიკურ ექსპერტიზას, მოიზიდავს ინვესტიციებს და უზრუნველყოფს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის წარმატებით დასრულებას.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს