სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი, მიმდინარე წელს ჯანმრთელობის დაზღვევის 10-12%-იან და ავტოდაზღვევის 15%-იან ზრდას ელის. მიზეზი ინფლაციური პროცესებია, რისი გავლენითაც შარშან ავტოდაზღვევა განსაკუთრებით მკვეთრად გაძვირდა. როგორც მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, ზრდის ტრენდი სავარაუდოდ წელსაც გაგრძელდება და ფასები სტაბილურ დონეს დაზღვევის ამ სახეობაში 2026 წელს მიაღწევს.
„შარშან ჯანმრთელობის დაზღვევა დაახლოებით 10-12%-ით გაძვირდა და წელსაც დაახლოებით 10-12%-იან გაძვირებას ველით. უფრო მკვეთრი გაძვირება იყო ავტოდაზღვევის მიმართულებით – 15-17-20%-იანიც კი იყო, რადგან ავტოსერვისზე და ავტონაწილებზე ფასი ძალიან გაიზარდა, ხანდახან სამნიშნა ზრდაც შეინიშნებოდა ბოლო 2-3 წლიან ჯამურ მაჩვენებლებში. აქედან გამომდინარე სადაზღვევო კომპანიებს გაუძვირდათ ერთი ზარალის მომსახურება.
ვფიქრობ, რომ ეს ტრენდი წელსაც გაგრძელდება და კონკრეტულად ავტოდაზღვევის ნაწილში ზრფდა 15%-ის ფარგლებში იქნება… თუ კიდევ სხვა ცვლილება არ მოხდა, ფასები სტაბილიზაციას 2026 წელს მიაღწევს. ავტოდაზღვევა უფრო მოწყვლადი შარშან იყო და წელსაც ეს ტრენდი შენელებით, მაგრამ გრძელდება“, – აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
სწორედ, ძირითადად ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე, წინასწარი მონაცემებით გასულ წელს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემია გაიზარდა. სექტორის მარეგულირებლის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, გასულ წელს სადაზღვევო ინდუსტრიამ წელი 1,2 მილიარდი ლარის შემოსავლით დაასრულა.
