მე მაქვს მსახიობების და არ მხოლოდ მათი, დანოსები წაკითხული: ამხანაგი … სპექტაკლზე მოვიდა ნასვამი; ამხანაგები …. და … მეორე და მესამე მოქმედებების შორის, ანტრაქტის დროს, ჩაიკეტნენ საგრიმიოროში, საიდანაც პირველი გამოვიდა ამხანაგი… აწითლებული სახით და ქოშინით; მოგახსენებთ რომ გასვლითი სპექტაკლის დროს, ამხანაგმა …. და ამხანაგმა … კულისებში არაყი სტალიჩნაია დალიეს; უფრო მეტი უბედურება ის იყო, რომ ერთი წერდა მეორეზე, “მისი სასიყვარულო ლტოლვა ამხანაგ …-სადმი ნეგატიურ გავლენას ახდენს დასზე” და მერე “სასიყვარულო ლტოლვის” მატარებელი მისი მეუღლე გახდა… ცალკე თემად – “არცხვენს პარტიას და დიდი ბელადის სახელს”… და ამ ადამიანების უმეტესობას ვიცნობდი. ყველაზე მეტად ყურადღება რამაც მიიპყრო, ის გახლდათ, რომ საკმაოდ ბევრი “განცხადება” არ იყო რეგისტრირებული და შტამპდასმული. რეზოლუციად ეწერა : ამხ. ……-ს (დირექტორს), რეაგირებისთვის. გამიკვირდა. “ზემოდან” წამოსული არარეგისტრირებული განცხადება და უმეტესად ორი ზემდგომი ადამიანისგან. წლების შემდეგ, ორივე “ზემდგომთან” კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და ვკითხე – რატომ ასე? პასუხი ორივესი ერთი და იგივე შინაარსის იყო: განცხადების- საჩივრის რეგისტრაცია ეგრევე ნიშნავდა მისით პარტიის და ცალკეულ შემთხვევაში კგბ-ს ინტერესს. დირექტორთან შეთანხმებულები ვიყავით და ის ინახავდა ამ განცხადებებს – ახდენდა შიდა და არასაჯარო რეაგირებას. ხვდებით? საბჭოთა პერიოდზე ვსაუბრობთ…. საბჭოთა ჩინოვნიკი რომ გაჯობებს მორალით, თან დღეს, 30 წელზე მეტი თავისუფლებაში ნაცხოვრებს. ის შოკი, ამ დანოსების წაკითხვით მიღებული – დღემდე მომყვება. სასჯელად დამიტოვა ადამიანმა მათი წაკითხვა, მისი გარდაცვალების შემდეგ. სხვათა შორის, ამ დანოსების “ავტორებისგან” პირადად მახსოვს ბევრი ცუდი და ინტრიგებიც…. ერთ დღეში შემეძლო მათი განადგურება. 1989 წლის იანვარზე ვყვები…. მით უფრო, რომ იმავე წლის მარტში, ისევ პარტია და ბელადი იყო მათი უმრავლესობის საჯარო პრიორიტეტი. მაგრამ ეს მაწყობდა კიდეც… მაშინ, ცხოვრებაზე ამდენიც არ ვიცოდი – პატარა, ახალგაზრდა რომანტიკოსი ვიყავი, დღევანდელი გადასახედიდან. მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ მათი შვილები არ უნდა მომეკლა და დავწვი…. დავწვი ათი უზარმაზარი საქაღალდე. თან იცით როგორ? ოთხ მათგანს დავუძახე და ვუთხარი: “დამეხმარეთ ამათ დაწვაში – უვარგისი ქაღალდებია”…. დამეხმარნენ და ტვირთი მომეხსნა – ვიცოდი, რომ რაც უნდა ცუდად მომქცეოდა ვინმე, არ მექნებოდა ცდუნება, მათი სიგლახე ამეფარებინა ცხვირწინ… ჰო და ახლა – დადუმებული სახალხო თუ დამსახურებული არტისტები, ჩემთვის ყველანი იმ დანოსების ავტორები არიან. ახლა? ახლა არ მივიქცეოდი ისე, როგორც მოიქცა ახალგაზრდა გოჩა… ახლა ცხვირზე ავაფარებდი ყველას ყველაფერს… რატომ? რა რატომ, ეს მდუმარე ახვრები, ჩვენი შვილების მკვლელობას ცდილობენ, თავისუფლებას ავტომატს უმიზნებენ და აზრს აპატიმრებენ…
