IPOA – მ კერძო კოპირების სისტემა აამუშავა – რას უკავშირდება ხელოვანთა გაზრდილი ჰონორარები ?

2023 წელს, საქართველოს კულტურის კომიტეტისა და ავტორთა ჩართულობის შედეგად საავტორო უფლებების სფეროში დაიხვეწა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა კანონი “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, 2024 წელს კი საქპატენტმა კანონის შესაბამისად გამოაცხადა აკრედიტაციის კონკურსი, სადაც ქართველი ხელოვანების შექმნილმა ასოციაცია IPOA-მ გაიმარჯვა და მას შემდეგ აღნიშნულ სფეროში ბევრი რეფორმა გატარდა იმისთვის, რომ გაზრდილიყო როგორც ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარები ისე, ბოლომდე დაცული ყოფილიყო მათი უფლებები ყველა სფეროში.
აღნიშნულ ცვილებებში საყურადღებოა ტარიფების რეგულირება, როგორც ჰორეკა სექტორისთვის ისე ქართულ ბაზარზე ე.წ “კერძო კოპირების” მიმართულების ამუშავება, რადგან ამან შესაძლებელი გახადა სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებს მყისიერად ეგრძნოთ ჰონორარების მნიშვნელოვანი ზრდა.
„კერძო კოპირების“ ანუ პირადი მიზნებისთვის რეპროდუქციის საკითხი ყოველთვის არსებობდა კანონში, მაგრამ მისი აღსრულება ვერ ხერხდებოდა კონფიდენციალურობის დაცვის ხარვეზების გამო. როგორც IPOA-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა მდივანი განმარტავს, 2023 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა ეს პრობლემები მოაგვარა, რის შედეგადაც აღნიშნული რეგულაცია ამოქმედდა საქართველოშიც.
მისი თქმით, „კერძო კოპირება“ გავრცელებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში და მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ფიზიკური პირები პირადი მოხმარებისთვის მუსიკას რეპროდუცირებენ, უფლებამფლობელებს შესაბამისი კომპენსაცია ეკუთვნით. თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, „არარეალისტურია, რომ ეს ჰონორარი თითოეული მომხმარებლისგან ცალ-ცალკე შევაგროვოთ. სწორედ ამიტომ, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც, ეს თანხა მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ იფარება“ – რაც, ფაქტობრივად, ხელოვანებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მექანიზმია.
ლაშა მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მოდელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. „საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით სრულ თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან და სწორედ ამ საფუძველზე განხორციელდა ჩვენთან ეს ცვლილებები“, – ამბობს ის.
რეფორმების დანერგვისას გამოწვევები ყოველთვის არსებობს, თუმცა ასოციაციის მიზანია, პირველ რიგში, ხელოვანთა უფლებების დაცვა და მათი შრომის სათანადოდ დაფასება. „ეჭვი არ გვეპარება, რომ ბიზნეს სექტორიც გაგებით მოეკიდება ამ საკითხს, რადგან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ეს არა მხოლოდ ფინანსური ვალდებულებაა, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაც“, – აღნიშნავს მდივანი.
ასოციაციის მიზანი არის, რომ საქართველოში საავტორო უფლებების სფერო განვითარდეს ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. „მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მსგავსი მოდელი მოქმედებს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ არის ბიზნესისთვის დამატებითი გადასახადი – ეს კომპენსაცია პროდუქტის თვითღირებულებაშია გათვალისწინებული და საბოლოოდ, მისი გადახდა მომხმარებლის მხარეზე გადადის“
მისივე თქმით, წლიურად ერთ სულ მოსახლეს დაახლოებით ერთი ევროს ოდენობის ხარჯი უწევს იმისთვის, რომ საკუთარ მოწყობილობებში მუსიკას უსმინოს – რაც მინიმალური დანახარჯია, თუმცა ამავდროულად, დიდ წვლილს შეიტანს ხელოვანთა უფლებების დაცვასა და სფეროს განვითარებაში.
ამ თემასთან დაკავშირებით კმაყოფილებას თავად IPOA-ს ავტორ-შემსრულებლებიც გამოთქვამენ.
“როდესაც IPOA-ს პლატფორმაზე გავერთიანდით ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო კეთილსინდისიერება და ხელოვანთა დაფასება. ამიტომ შეიქმნა ეს ასოციაციაც. უკვე ერთი წელი გავიდა აკრედიტაციის კონკურსიდან და არ შემიძლია არ ვთქვა, როგორ დაფასებულად ვგრძნობთ თავს. თურმე ჩვენი შემოქმედება ვიღაცისთვის მართლა მნიშვნელოვანია და ჩვენივე ინტელექტუალური საკუთრების შედეგად მიღებული ჰონორარით შეგვიძლია ახალი იდეების დაფინანსება, ახლის შექმნა და ხელოვნებაში დარჩენა. ერთი წლის ფონზე უამრავი რამ გაკეთდა ჩვენს სფეროში. ჰონორარები საგრძნობლად გაიზარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ხელოვანისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში სწორედაც, რომ საავტორო უფლებების ასოციაციიდან მიღებული ჰონორარია. მადლობა კიდევ ერთხელ იპოას იმ შრომისთვის, რაც საქართელოს ბაზარზე გასწიეს და ახლა უკვე აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო მიმართულებით. აქვე, აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ამ ცვლილებას, რასაც შესაძლოა მათი გადასახადების ზრდა მოჰყვა მაგრამ შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამით ძალიან დიდ სოციალურ პასუხმგებლობას იჩენენ ხელოვნების და კულტურის სფეროს მიმართულებით და თითოეული თეთრი, რომელსაც იმპორტიორები იხდიან ხმარდება ისევ კულტურის სფეროს განვითრებასა და ხელოვანი ხალხის ჰონორარებს. “ – კახა ცაბაძე, IPOA-ს წევრი
„გარდა იმისა, რომ მე მუსიკოსი ვარ არაერთ მსხვილ კომპანიაში მიმუშავია და მესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის სოციალურ პასუხიმგებლობას. შესაბამისად, ის რაც “კერძო კოპირების” მეშვეობით თითოეული ბიზნეს-იმპორტიორისთვის სავალდებულო გახდა არის უმნიშვნელოვანესი სოციალური პასუხიმგებლობა მათი მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ მათ აქვთ “უნიკალური ვალდებულება” იმისა, რომ ხელოვნების სფერო გააძლიერონ და ფეხზე დააყენონ. ამიტომ დარწმუნებული ვარ ყველა იმპორტიორი გაგებით მოეკიდება აღნიშნულ საკითხს და საავტორო უფლების ასოციაციასთან ითანამშრომლებენ ისე, როგორც ეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ ხელოვანებს, მითიმეტეს ისეთ პატარა ბაზარზე როგორიც საქართველოა უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ დავრჩეთ ხელოვნებაში და ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე ამაში კი, ყველა ის ნაბიჯი და ცვლილება გვეხმარება რაც საავტორო უფლებეის სფეროში ხორციელდება. “- ანი კეკუა, IPOA-ს წევრი.