ხაზარაძე-ჯაფარიძემ თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან, თაღლითობის ამაზე მეტი აღიარება მე არ გამიგია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დადასტურდა, რომ ანაკლიის პროექტი მთლიანად იყო თაღლითობა და რომ სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს.
„როგორ არ უნდა აღიარონ ის, რაც ნათელია. ჩვენ გვახსოვს ეს პერიპეტიები და ესეც კარგი გაკვეთილია, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო. ის, რომ ვინ ედგა გვერდში მაშინ, ვინ აქეზებდა, ვინ უჭერდა მხარს, რომელი ლობისტური ჯგუფები იყვნენ, რომელი ხელისუფლებები იყვნენ ხანდახან ჩართული ამ ყველაფერში. გავიდა დრო და კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველაფერი საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით. ეს იყო თაღლითური სქემა წაუგებელი ბიზნესის, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შემუშავებული. ამ პროექტში, სადაც მათ სახელმწიფომ ყველანაირად ხელი შეუწყო, რამდენჯერმე გადაუვადა, ფიქრობდა რა სახელმწიფო, რომ მათ შეიძლება, ჰქონდათ გარკვეული ობიექტური სირთულეები, საბოლოო ჯამში კი გაირკვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითობა. იცით, რომ ისინი ნასამართლევი არიან თაღლითობაზე, ამიტომ გასაგებია, რომ მათი ქცევის სტილია თაღლითობა, ხედავთ, რომ პოლიტიკაშიც ზუსტად ასე იქცევიან.
გახსოვთ, რას ითხოვდნენ, რომ ჰქონოდათ წაუგებელი ბიზნესი. ანუ თუ არ იქნებოდა მომგებიანი, ხალხს, საქართველოს მოსახლეობას გადაეხადა, შეევსო თანხა, რომ მოგებაში ყოფილიყო მამუკა ხაზარაძე. ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან უნდა მიგვეცა მამუკა ხაზარაძისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მათი მიმდევარი წვრილ-წვრილი „ლელოს“ თანამშრომლებისთვის, რათა ჰქონოდათ მომგებიანი ბიზნესი. ამაზე უარი რომ მიიღეს, ამის შემდეგ დაიწყეს დავა და მოითხოვეს მილიარდ ნახევარი ისევ ხალხისგან და ბიუჯეტისგან. წააგეს ყველა ინსტანცია საქართველოში და ბოლოს, არბიტრაჟმა, სადაც თავისი მოსამართლეები ჰყავდათ დანიშნული, გაამტყუნა ხაზარაძეც და ჯაფარიძეც. როგორც იცით, არბიტრაჟი არის ისეთი ინსტიტუცია, სადაც მხარეები თვითონ ნიშნავენ მოსამართლეებს. მათივე მოსამართლეები იქ იყვნენ და ამ სასამართლომ თქვა, რომ რა მილიარდ ნახევარს ითხოვთ ქართველი ხალხისგან, პირიქით, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის 2 მილიონი ლარი. ამ საკითხსაც ყველანაირად გაურბოდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ეს თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან. თაღლითობის ამაზე მეტი აღიარება მე არ გამიგია. დადასტურდა, რომ ეს პროექტი მთლიანად იყო თაღლითობა, რომ სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს.
რასაც ისინი ითხოვდნენ, რომ მოგება კომპენსირებული ყოფილიყო ხალხის ფულით და რამდენი წაგება ექნებოდათ, იმდენი ფული უნდა გვემატებინა, ჩვენ უნდა ამოგვეღო ჯიბიდან და მიგვეცა ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის, რათა მოგება ჰქონოდათ და დალხენილი ცხოვრება. ეს ყველაფერი წააგო და არ იყო მათი მოთხოვნა სწორი, მილიარდ ნახევარს ითხოვნდნენ. მოუწიათ აღიარება და ფულის გადახდა. საბოლოო ჯამში, ასევე მოუწევთ ყველაფრის აღიარება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
