შემოსავლების სამსახურმა “ჯორჯიან მანგანეზს” საგადასახადო გირავნობა დაადო

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უმსხვილეს მომპოვებელ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” საგადასახადო გირავნობა დაადო. საჯაროდ უცნობია რა მოცულობის დავალიანების გამო მიიღო სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილება. საგადასახადო გირავნობის გადაწყვეტილება 2025 წლის 16 იანვრით თარიღდება.
რამდენიმე დღის წინ “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებულმა კომპანიამ “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” განაცხადა, რომ საერთაშორისო ექსპერტული კომპანია DMT-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოები არარენტაბეულია და ის აღარ გაგრძელდება. კომპანია ამასთან მნიშვნელოვან საბანკო და სახელფასო დავალიანებაზე მიუთითებს.
“ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა ავტორიტეტული აუდიტორის DMT-ის მიერ მომზადებულმა დასკვნამ, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წაგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს. ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა.
ამ დროის განმავლობაში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით, ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს. სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ. მინდა განვმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია”, – განაცხადა “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” დირექტორმა მაქსიმ მაზურენკომ.
2024 წლის ბოლოს “ჯორჯიან მანგანეზმა” განაცხადა, რომ კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით საქმიანობას რამდენიმე თვით აჩერებდნენ, თუმცა კომპანია დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასის 60%-ს გადაუხდიდა. 28 თებერვლის შემდეგ მაღაროელებმა ჭიათურაში გამოსვლები დაიწყეს. მიზეზი თებერვალში ხელფასების არდარიცხვა იყო. პროტესტის მონაწილეები მთავრობასთან შეხვედრას და ჭიათურის მაღაროების მართვაში სახელმწიფოს შემოსვლას ითხოვენ.
“ჯორჯიან მანგანეზი” წარმოადგენს უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის ოფშორული კომპანიის “ჯორჯიან ამერიქან ელოიზის” საკუთრებას, თუმცა კომპანია 2017 წლიდან იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში, ხოლო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იკავებს. ამასთან, ბიზნესმენ გიორგი კაპანაძეს მედიაჰოლდინგი პრაიმტაიმი და ტელეკომპანია “რუსთავი 2” ეკუთვნის.