აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას, 9 მარტს, Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა შესაძლოა ვერც გადარჩეს რუსეთთან სამწლიან ომში.
ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა შეკითხვაზე, აწუხებს თუ არა ის ფაქტი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას დახმარება შეუწყვიტა და რომ ომში მყოფი ქვეყანა შეიძლება ვერ გადარჩეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა შეიძლება ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადარჩეს, მაშინაც კი, თუკი ის ამერიკისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს.
დონალდ ტრამპის დროს, აშშ-ის მთავრობამ მკვეთრად შეცვალა უკრაინის მიმართ მიდგომა და პოლიტიკა, ახლახან დროებით შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარება.
როგორც კვირას იტყობინება NBC News-ი წყაროებზე დაყრდნობით, დონალდ ტრამპმა პირადად განუცხადა თავის თანაშემწეებს, რომ ბუნებრივი რესურსების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა საკმარისი არ იქნება კიევისთვის დახმარების გასაგრძელებლად. ტრამპს სურს არა მარტო ის, რომ მოწონებულ იქნეს შეთანხმება, რომელიც აშშ-ს უკრაინის მინერალური სიმდიდრის წილს მისცემს. მას ასევე სურს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცვალოს სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ მიდგომა, მათ შორის, მზადყოფნა გამოხატოს დათმობებზე წასვლისთვის და რუსეთისთვის ტერიტორიის გადაცემისთვის, განუცხადეს წყაროებმა NBC News-ს.
მანამდე დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ სურს ომის დასრულება. ამავე დროს ტრამპი უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ის მოსკოვის მხარეს იკავებს. მისი თქმით, ის იყო „მკაცრი რუსეთის მიმართ, უფრო მკაცრი, ვიდრე ვინმე სხვა“.
ტრამპი დაჟინებით მოითხოვს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების სწრაფად ხელმოწერას. ახლახან მან პირობა დადო, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს. მან სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საბანკო სანქციებსა და ტარიფებს მანამდე განიხილავს, სანამ „საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება“ მიიღწევა. „რუსეთო და უკრაინა, ახლავე მიუსხედით მოლაპარაკების მაგიდას, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება“, წერს ტრამპი.
