მეღვინეობა „შუმი“ მიმდინარე წელს ასორტიმენტს აფართოებს, – ამის შესახებ მეღვინეობის გენერალურმა დირექტორმა, აკაკი ცოფურაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ დროისათვის 74 დასახელების ალკოჰოლურ პროდუქციას აწარმოებს და ასორტიმენტს ყოველწლიურად აფართოებს. მაგალითისთვის, კომპანიამ ახლახან ახალი ხაზი „Lost Collection” გამოუშვა, რომელშიც ძალიან იშვიათი ჯიშის ყურძნისაგან წარმოებული ღვინოები გაერთიანდა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია 2001 წლიდან ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს: ბრიტანეთში, აშშ-ში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იაპონიაში, კანადაში, ისლანდიაში, ტაილანდში და სხვა, სულ, 33 ქვეყანაში.
“მოგეხსენებათ, „შუმი“ მსოფლიოში ვაზის ყველაზე დიდი კერძო ამპელოგრაფიული კოლექციის მფლობელია, რომელშიც 2000-ზე მეტი ვაზის ჯიშია დაცული, მსოფლიოს 47 ქვეყნიდან. საკოლექციო ვენახი საშუალებას გვაძლევს, ჩავატაროთ ექსპერიმენტები უძველესი ქართული ავტოქტონების საღვინე პოტენციალის გამოვლინების მიზნით. დღეისათვის, კომპანიის ვენახებში ჩვენი ექსპერიმენტებით გამოვლენილი 30-ზე მეტი ყურძნის ჯიში გვაქვს გაშენებული და 2025 წელს, ჩვენ მომხმარებელს კიდევ რამდენიმე ახალ პროდუქტს შევთავაზებთ. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი 1 130 ჯიშის ყურძნისაგანაა დამზადებული – ეს ჯიშების რეკორდული რაოდენობაა, ასეთი რამ ჯერ არ შექმნილა მსოფლიოში. ასევე, შემოგთავაზებთ ახალ ღვინოებს კოლექციიდან Lost Collection და სხვა.
ყოველწლიურად დაახლოებით 1 500 000 ბოთლს ვაწარმოებთ. 2024 წელი, მართლაც, საუკეთესო იყო ქართული მეღვინეობისთვის და შესანიშნავი მოსავალი მივიღეთ ჩვენი ვენახებიდან. რაც შეეხება წარმოების გაზრდას, იგი დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნებზე და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით”, – ამბობს ცოფურაშვილი.
კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები წელს გლობალური მასშტაბის კონკურსში, “The World’s Best Sommeliers’ Selection 2025”-ის რჩეული გახდა. კერძოდ, „ქვევრის ხიხვი იბერიული“ და „სალომე 2017“. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები ოთხი კონტინენტის 18 ქვეყნიდან.
„ვაწარმოებთ საშუალო („შუმის“ ხაზი) და მაღალი სეგმენტის (იბერიულის“ ხაზი) ღვინოებს, რომელთა ფასებიც მერყეობს 15-დან 90 ლარამდე საფასო კატეგორიაში. ამის გარდა, გვაქვს ექსკლუზიური სასმელები, რომელთა ფასიც 7850 ლარს აღწევს. ესენია: „გენეზისი“ – წითელი მშრალი ღვინო, რომელიც 300-ზე მეტი წლის ვაზის ნაყოფისაგან იწარმოება, „ზიგუ“ – სასმელი, რომელიც „შუმის“ დაპატენტებული ტექნოლოგიით მზადდება, „ლაზარე“ – ქვევრის ღვინო, რომლის დასამზადებლად 450-ზე მეტი ჯიშის ყურძენია გამოყენებული, „ბარბალე“ – ქვევრის პირველი და ერთადერთი აისვაინი, „შობილი“ – ქვევრის ცქრიალა ღვინო, რომელიც, ასევე, „შუმის“ დაპატენტებული ტექნოლოგიით მზადდება და სხვა”, – აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.
ინფორმაციისთვის, „შუმი“ ალკოჰოლურ პროდუქციას 2001 წლიდან აწარმოებს და არჩეული აქვს მდგრადი განვითარების კურსი. სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მან მოღვაწეობა 1997 წლიდან, ათასწლეულების მევენახეობის ისტორიის მქონე სხვადასხვა მიკროზონაში ვენახების გაშენებით დაიწყო. დღეს მის მფლობელობაში 202 ჰა ვენახია. მისი პროდუქცია 800-მდე უმაღლესი მედლითაა დაჯილდოებული სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე.
