პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა.
აღნიშნულის თაობაზე დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. მანამდე, დამსწრეებს წარუდგინეს ვიდეო-რგოლი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებიდან პარტიად ჩამოყალიბებამდე გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, პარტიის წევრებმა დაამტკიცეს პარტიის წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა.
როგორც პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ქმნის, „ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია იქნება, რომლის ამოცანასაც სახელმწიფოს დაბრუნება წარმოადგენს“.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ წამყვანი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ეს იქნება ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება სახელმწიფოს დაბრუნება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელსაც გვართმევს „ქართული ოცნება“ და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ამ ბრძოლაშიც „თავისუფლების მოედანი“ ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია იქნება. შემდეგ, სახელმწიფო უნდა გავხადოთ დემოკრატიული. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ნამდვილი, მრავალპარტიული დემოკრატია. ეს აქამდე, სამწუხაროდ, არასდროს გაგვიკეთებია. შემდეგ მრავალპარტიული დემოკრატიული საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ასე დამკვიდრდება ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ყველა ამ საქმეში „თავისუფლების მოედანი” იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
აღსანიშნავია, რომ „თავისუფლების მოედანი“, როგორც მოძრაობა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი