Krab Coffee-ის მფლობელებზე თავდამსხმელს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

Krab Coffee-ის მფლობელებზე, ქრისტი პირველსა და ბარბარე როკიტაზე თავდამსხმელს, რომელსაც გამოძიება ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ჩდენილ დანაშაულს, ძალადობას, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

18 წლის ამირან მასპინძელაშვილს, რომელსაც ორი ქალი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ეკრძალება მათთან მიახლოება და ქვეყნის დატოვება.

8 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მან დანაშაული აღიარა და ჩადენილი „ემოციური ფონით“ ახსნა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა “ტვ პირველთან” საუბარში, მოსამართლემ მათი შუამდგომლობა ნაწილობრივ იმ გარემოებების გამო გაითვალისწინა, რომ ამირან მასპინძელაშვილი „ხუთ მცირეწლოვან და-ძმას, დედას და მოხუც ბებია-ბაბუას არჩენს“.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მოსამართლის დასაბუთების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში.

ამირან მასპინძელაშვილი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდგომ დატოვებს.

5 მარტს, საღამოს, ახალგაზრდა ქალებს, მათთვის უცნობმა კაცმა, სახლთან ახლოს ჯერ აგინა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. Krab Coffee-ის მფლობელების განცხადებით, კონფლიქტი შეურაცხყოფით დაიწყო და ცემაში გადაიზარდა.

ქრისტი პირველი არ გამორიცხავდა, რომ თავდასხმა, შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო მათ მოხალისეობრივ საქმიანობასთან – ახალგაზრდა ქალებმა პროევროპული აქციების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ნოემბერში, რუსთაველის გამზირზე კაფე გახსნეს. მალევე, მათი კაფე დემონსტრანტების დროებით თავშესაფრად იქცა. ისინი სხვა მოხალისეებთან ერთად, ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე