„თუ მომავალში მგზავრთნაკადი ისე გაიზრდება, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები საკმარისი არ იქნება, შეგვეძლება, იმ დერეფანში ლიანდაგები დავაგოთ და ტრამვაიმ იმოძრაოს“ – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, არ გვყავს იმ რაოდენობის მგზავრთნაკადი, რომელსაც ავტობუსის ზოლები და 18-მეტრიანი ავტობუსები ვერ გაატარებს.
„ტრამვაიზე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ – დღეის მდგომარეობით, ჩვენ არ გვყავს იმ რაოდენობის მგზავრთნაკადი, რომ 10 სწრაფი დერეფნის (ავტობუსის ზოლები) შექმნის დასრულებისა და 18-მეტრიანი ავტობუსების ამოძრავების შემდეგ, არსებული მგზავრთნაკადი ვერ გავატაროთ; თუმცა თუ გვინდა, რომ ტრამვაი გაკეთდეს, ბუნებრივია, მას სჭირდება შესაბამისი გამოყოფილი ზოლი. ამდენად, ჩათვალეთ, რომ ავტობუსის ზოლი, რომელსაც ახლა ვქმნით, არის ტრამვაისთვის გამოყოფილი ზოლი. ამდენად, თუ მომავალში მგზავრთნაკადი ისე გაიზრდება, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები საკმარისი არ იქნება, შეგვეძლება, იმ დერეფანში ლიანდაგები დავაგოთ და ტრამვაიმ იმოძრაოს“, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ თბილისის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა.
„ტრანსპორტის გენერალური გეგმა წელს ჩაგვბარდა“, – თქვა ვიქტორ წილოსანმა და ისიც აღნიშნა, რომ ვადების დაგვიანების გამო, თბილისის მთავრობას დანიურ კომპანიასთან შენიშვნები ჰქონდა.
ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, „რამბოლის“ მიერ მომზადებულ ტრანსპორტის გენერალურ გეგმასთან თანხვედრაშია.
წყარო: bm.ge
