ჩანაწერში რასაც ვხედავთ, [პოლიციელის]შეურაცხყოფაა – Amnesty International ამაღლობელზე

ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის რეგიონული დირექტორი, დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე გზავნილია ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ ქუჩებში პროტესტს შეუერთდეს.
ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტმა Amnesty International-ის წარმომადგენელს ჰკითხა, რას აჩვენებს მზია ამაღლობელის საქმე და მისი ციხეში დატოვება მაშინ, როცა ძალადობაში მხილებული სამართალდამცავების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
„ეს იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ნამდვილად განზრახული აქვს ყველას აჩვენოს თუ რა სისასტიკით მოექცევა ნებისმიერ პროტესტს. ეს კომპლექსური საქმეა. ჩანაწერში რასაც ვხედავთ, [პოლიციელის] შეურაცხყოფაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ კონტექსტსაც, რა ხდება. ჩვენ ვხედავთ რა ადვილად აკავებენ ამ ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, არაფრის გამო, პოსტერის გაკვრისთვის, შემდეგ მას სვამენ გისოსებს მიღმა ძალიან ნაჩქარევი პროცესის შედეგად, როგორც საშიშ კრიმინალს. იმ გარემოებებში, როცა, როგორც გვესმის და ვხედავთ სხვა დემონსტრანტების გამოცდილებით, ხალხს უფრო სერიოზული დანაშაულისთვის გამოძიების პერიოდში არ აკავებენ.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მას მკაცრად და უხეშად ექცევიან, პოლიტიკურ შეხედულებებზე დაფუძნებით, როგორც გზავნილს ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ ქუჩებში პროტესტს შეუერთდეს“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა.
მზია ამაღლობელი “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორია. 18 თებერვალს, 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ მან საკების მიღების გადაწყვეტლება მიიღო.
ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.
პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა მიიღო.
13 თებერვალს ამაღლობელის იურისტებმა, საქმეში ახალი გარემობებების გამოვლენის მოტივით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართეს. 14 თებერვალს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. 16 თებერვალს ყოლბაიას გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდა. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად. ამჯერად გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი ისევ პატიმრობაში დატოვა. მან სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. მზია ამაღლობელის უფლებადამცველების შეფასებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. მათუ განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.