საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
შეთანხმებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ტალეჰ კაზიმოვმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან ორი ქვეყნის ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ფინანსური ტექნოლოგიების, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროებში თანამშრომლობაზე. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასა და ინფორმაციის გაცვლას ურთიერთმხარდამჭერ პრინციპებზე დაყრდნობით.
„აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის სულ უფრო ძლიერდება ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა და საბანკო/საფინანსო სექტორი უნდა გაყვეს ამ ტენდენციებს. ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ ურთიერთთანამშრომლობა აქტუალური მიმართულებით. მათ შორის, საგადახდო სისტემების დაახლოების კუთხით, რაც ჩვენს საბანკო სისტემას საშუალებას მისცემს სწრაფად და ხარისხიანად უზრუნველყოს ვაჭრობის ნაკადები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და ტრანზაქციები. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ფინტექების, საფინანსო ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში საერთო გამოწვევები გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია გავცვალოთ ხედვები, გამოცდილება და ინფორმაცია მაკროეკონომიკური პროგნოზების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ვიზიტი თბილისში დაიგეგმება და ეროვნულ ბანკს ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა ესტუმრება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს