რიონზე 2023 წელს ჩავარდნილი ხიდის აღდგენა წელს დასრულდება (bm.ge)

რიონზე 2023 წელს ჩავარდნილი ხიდის აღდგენა წელს დასრულდება (bm.ge)
სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე, მდინარე რიონზე მდებარე 810 მეტრის სიგრძის ხიდი 2023 წლის 21 თებერვალს ჩაინგრა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ხიდის აღდგენითი სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. ამის შესახებ უწყებამ BMG-ის წერილობით უპასუხა.
დეპარტამენტის თანახმად, მიმდინარეობს სამართლებრივი დავა კომპანია “აკკორდთანაც”, რომელმაც ააშენა ხიდის მერვე ბურჯი, რომელიც რიონის ადიდების დროს ჩამოიშალა, რასაც მასზე დაყრდნობილი მალების ჩამოშლა მოჰყვა.
“E-60 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის კმ00+000- კმ11+500 (ლოტი 1) მონაკვეთზე, მდინარე რიონის ხიდთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ უკვე მიმდინარეობს ხიდის აღდგენითი სამუშაოები და მისი დასრულება დაგეგმილია 2025 წელს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და შესაბამისად თანხა მოთხოვნილი იქნება დავის ფარგლებში. ამჟამად დავა განიხილება საერთაშორისო არბიტრაჟში და დავებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,”- ნათქვამია უწყების პასუხში.
აღსანიშნავია, რომ სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის დასრულების არაერთხელ გადავადება არაკეთილსინდისიერმა კონტრაქტორებმა განაპირობეს. თავდაპირველად კონტრაქტი კომპანია “ალტკომთან” გაფორმდა, რომელმაც ჩარიცხული მრავალმილიონიანი ავანსების მიუხედავად, პროექტის მხოლოდ 24% შეასრულა. 2018 წელს “ალტკომი” კომპანია “აკორდმა” ჩაანაცვლა, რომელსაც 89-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმდა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არც “აკორდმა” დაასრულა, რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოშლილი მერვე ბურჯი სწორედ ამ კონტრაქტორმა ააშენა.
2021 წელს კი მთავრობამ გზის და ხიდის დარჩენილი ნაწილის დასასრულებლად ქართულ კომპანიას 73.7-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ხიდის მერვე ბურჯის ჩამოშლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა დასკვნა 2023 წლის დეკემბერში დადეს.
“ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.
ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები,”- ნათქვამი იყო დასკვნასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.