ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაცია „საიდუმლოდ მოქმედებს“ – რა ვიცით ორგანიზაციის შესახებ

ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაცია „საიდუმლოდ მოქმედებს“ – რა ვიცით ორგანიზაციის შესახებ
საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ქვეყანაში 35 000-ზე მეტი კომპანიაა ს მოქალაქეების ან კომპანიების მფლობელობაში, საიდანაც დაახლოებით 26 000 ბოლო წლებში, -რუსეთის ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
გარდა ამისა, რუსეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია და რუსული კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველწლიურად იზრდება.
თუმცა, როგორც ჩანს ბიზნესმენების ნაწილისთვის, საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა არასაკმარისია და კავშირების კიდევ უფრო გამყარებისთვის, „საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია“ შექმნეს.
ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაცია 2025 წლის 28 იანვარს ოფიციალურად დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გამგეობის წევრები არიან:
⏺ თავმჯდომარე/წევრი: ზაზა ნიშნიანიძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა;
⏺ გამგეობის წევრები: საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები: ლავრენტი ანჩაბაძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ბადრი კაკაბაძე და დავით ხარაიძე.
⏺ გენერალური დირექტორი – საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე მარატ შაიდაევია. აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი მუსხელიშვილი.
ქართულ-რუსული ბიზნესასოციაციის დაფუძნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ითქვა, რომ გამგეობის წევრების გარდა, ასოციაციაში გაერთიანდება სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში მომუშავე 60-მდე ქართული და რუსული კომპანია.
„კომერსანტი“ შეეცადა ასოციაციის საქმიანობის შესახებ დეტალების გარკვევას და ოფიციალური წერილით მიმართა ორგანიზაციას, ასევე კონფერენციაში მონაწილე რამდენიმე ბიზნესმენთან მათ შორის ძმებ ჩხაიძეებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ამ ეტაპზე ასოციაციის საქმიანობის დეტალებზე წარმომადგენლები არ საუბრობენ.
რა ვიცით ქართულ-რუსული ბიზნესასოციაციის შესახებ
ქართულ-რუსული ბიზნესასოციაციის დაფუძნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ითქვა, რომ ასოციაციის შექმნის მიზანი იმ ბარიერების აღმოფხვრაა, რომლებიც ქართულ და რუსულ კომპანიებს საქართველოში და რუსეთში ექმნებათ, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობაა.
შეხვედრაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საექსპორტო ბიზნესში 700 000-მდე ადამიანია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ-რუსული ბიზნესასოციაციის შექმნა და არსებული გამოწვევების აღმოფხვრა ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია.
საქართველოში „ქართულ-რუსული“ ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ბიზნესმენმა ზაზა ნიშნიანიძემ bm.ge-სთან აღნიშნა, რომ „ამ ხალხს ყურადღება ნამდვილად აკლია, რადგან თემა ტაბუდადებულია ზოგადად და ბიზნესიც ხვდება ამ წნეხში“, ამიტომ შეეცდებიან, ინსტიტუციონალურად ამ პროცესს ხელი შეუწყონ.
„ძალიან ბევრი ხალხია ამ საქმით დაკავებული. […] მაგალითად, ბადრი კაკაბაძე, რომელიც საქართველოშიც და რუსეთშიც საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია; მარად შაიდიევი, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს ორივე ქვეყანაში; ლევან და თემურ ანჩაბაძეები, ჯიმი ჩხაიძე… იყვნენ სხვა ბიზნესმენები და მეწარმეებიც. რუსეთის მხრიდან არის რაღაც მოძრაობები, ბევრ ადამიანს უნდა შემოერთება, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი“, – ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
ასოციაციის წევრმა, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მარატი შაიდაევმა კონფერენციაზე თქვა, რომ მსგავსი ორგანიზაციის შექმნის საჭიროება უკვე დიდი ხანია არსებობს.
„ქართულ-რუსული ეკონომიკური ასოციაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი სახელმწიფოს ცხოვრებაში. ჩვენ ყველა ველით, რომ ძალიან დიდი რაოდენობა იმ პრობლემების, რომლებიც ამ ბიზნესმენებს აკავშირებთ საზღვარს იქით და აქეთ, გადაიჭრება დაარსებული ორგანიზაციის მიერ. ძალიან დიდი ხანი იყო საჭიროება ასეთი ორგანიზაციის შექმნის და როგორც იქნა, ის შეიქმნა. ვფიქრობ, რომ მონაწილეები იქნებიან ორივე მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანიზაციას ნათელი მომავალი ექნება“,- განაცხადა შაიდაევმა.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი „ქართულ-რუსული“ ბიზნესასოციაციის შექმნას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად ადვილია.
„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და ცდილობს, ზაზა ნიშნიანიძის მიერ დასახელებულ ბიზნესმენებს დაუკავშირდეს და ასოციაციის საქმიანობის შესახებ დეტალები გაარკვიოს.