ადვოკატი – დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენება დისტანციურად მისცეს – სასამართლო რეალურ ჩვენებას მოისმენს მომხდარი ფაქტის შესახებ

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოს დისტანციურად დაესწრება.
მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლეს დეტალურ ჩვენებას მისცემს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
„სასამართლო სხდომაზე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენება დისტანციურად მისცეს და იმედი მაქვს, რომ ამ შუამდგომლობას მოსამართლე დააკმაყოფილებს. სასამართლო კი რეალურ ჩვენებას მოისმენს მომხდარი ფაქტის შესახებ. რაც შეეხება დისტანციურად ჩართვას, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ადგილმდებარეობა უცნობია, ტექნიკურად პრობლემა ვერ იქნება, რადგან ეს ელექტრონულად მოხდება. მოსამართლე ვალდებულია ჩვენს მიერ წაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილოს, გიორგი ბაჩიაშვილის დისტანციურად გამოკითხვასთან დაკავშირებით, რადგან ეს კანონით არის გათვალისწინებული და თან გვქონია პრეცედენტები, როდესაც გამოსაკითხმა პირებმა სასამართლოს ჩვენება ონლაინ რეჟიმში მისცეს.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სასამართლო სხდომა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას შეეხება, გამორიცხული არ არის ბრალდების მხარემ ბაჩიაშვილისთვის პატიმრობის გამოყენება მოითხოვოს, თუმცა გიორგის ბაჩიაშვილს სხვა ბრალთან მიმართებაში პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, ამიტომ მეორედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობის დაყენების საფუძველს ვერ ვხედავ“,- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ერთი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
ბრალდება, რომელიც ბაჩიაშვილს აქვს წაყენებული, 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის