97 მედია-ორგანიზაცია და 242 ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), რომელიც დამოუკიდებელი მედიების გლობალური ქსელია, განცხადებას ავრცელებს, რითაც გამოხატავს შეშფოთებას ს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელმაც მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. ქსელი, პარტნიორებთან ერთად, მოითხოვს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ქსელს, აღნიშნული მოთხოვნით, წამოწყებული აქვს კამპანია და განცხადებაზე შეერთება შესაძლებელია როგორც მედია-ორგანიზაციების სახით, ისე ინდივიდუალურად.
„ხელისმომწერი ჟურნალისტები, რედაქციები, პრესის თავისუფლების ადვოკატები, ადამიანის უფლებათა მცველები და მედია-ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვეტერანი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც, იანვარში დაკავების დღიდან, 5 კვირა შიმშილობდა.
18 თებერვალს მზია ამაღლობელმა შეწყვიტა შიმშილობა მას შემდეგ, რაც ექიმებმა გააფრთხილეს, რომ მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრებოდა“, — ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ მზიას ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება ჯანმრთელობის აღსადგენად და მისი ციხეში დატოვება დაუშვებელია.
„მზია დამფუძნებელი და დირექტორია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთისა“, საქართველოს ორი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი ახალი ამბების პორტალებისა, რომლებიც აშუქებენ კორუფციას, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ფაქტებს. მთელი თავისი კარიერის მანძილზე, მზია ამაღლობელი იჩენდა სამაგალითო სიმამაცეს და სიმტკიცეს დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტების უფლებების დაცვაში.
მისი დაკავება ნაწილია დემოკრატიული პროტესტის სასტიკი ჩახშობის მცდელობებისა და გახშირებული თავდასხმებისა დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე საქართველოში“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის აწერს 97 ორგანიზაცია და 242 ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან.
გარდა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა, განცხადებაზე ხელმომწერები ითხოვენ, რომ მოეხსნას მას შეუსაბამო ბრალი და დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე.
„ჩვენ ვდგავართ მზია ამაღლობელის, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთში“ მისი კოლეგების, ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტის გვერდით საქართველოში“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელზე ხელმოწერაც შესაძლებელია ბმულზე.
ამავე თემაზე:
ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი – ამაღლობელის ადვოკატები