სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა ქართულ მართლმსაჯულებაში – ამაღლობელის ადვოკატები

მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე ს საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ქართულ მართლმსაჯულებაში უპრეცედენტოა და მას სასამართლომ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება, თავი დაიცვას.
„მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება, დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – აცხადებენ უფლებადამცველები:
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
· იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი;
· ადვოკატები, რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
4 მარტს სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
„აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე“, – აცხადებენ უფლებადამცველები.
ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა დაასახელა „დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე“ და ამ არგუმენტით მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება.
ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ამ მტკიცებების დასასაბუთებლად.
თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში დამსწრეთა პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.
გუშინდელ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს ედავებიან, თითქოს ის „პოლიციელზე თავდასხმას“ გეგმავდა „სხვებთან კომუნიკაციით“.
თუმცა, ადვოკატების განცხადებით, ამ დაშვებას საფუძველი არ გააჩნია, ვერ საბუთდება და, სინამდვილეში, შესაძლოა, პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა სურდეს მისი სამსახურებრივი სენსიტიური და პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად.