ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისა და ახალი აღმოჩენებისთვის, საქართველოს ბანკი STEM ოლიმპიადას ახორციელებს.
კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები, იმუშაონ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნასა და ინდივიდუალურ დავალებებზე ფიზიკასა და მათემატიკაში.
როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა STEM ოლიმპიადაში?
STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სკოლებმა 18 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თითოეული სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული.
რას მოიცავს STEM ოლიმპიადა?
ოლიმპიადა ორ ტურად გაიმართება. პირველ ეტაპზე მოსწავლეები თეორიულ ამოცანებზე იმუშავებენ – ყოველი გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს დაწერს.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა გადავა. აღნიშნული გუნდების მენტორები გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები გაუძღვებიან. შედეგად, მოსწავლეებს ექნებათ წვდომა სასწავლო პროგრამის იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნაც ფინალურ ეტაპზე გამოადგებათ.
შერჩეული გუნდები პრაქტიკულ, საინჟინრო დავალებებზე იმუშავებენ. მეორე ტურის შედეგად სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი გამოვლინდება.
რატომ STEM ოლიმპიადა?
გუნდური მუშაობა – STEM ოლიმპიადა მოსწავლეებს ეხმარება განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები, ისწავლონ თუ როგორ უნდა გაანაწილონ დრო და რესურსები, იმუშაონ მენტორის მითითებებით, გაითვალისწინონ აზრთა სხვადასხვაობა და ამასთან, საერთო მიზნის მისაღწევად ერთიანობა შეინარჩუნონ.
პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარები – ხშირად პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, ამოცანას განსხვავებული რაკურსითა და ცივი გონებით შეხედო. შესაბამისად, STEM ოლიმპიადა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, განივითარონ კრიტიკული აზროვნების, სიტუაციის ანალიზისა და განსხვავებულ დინამიკასთან ადაპტაციის უნარები.
კრეატიული მიდგომა – ზოგჯერ პრობლემის გადაჭრას მხოლოდ კრიტიკული აზროვნება და ანალიზი არ ჰყოფნის. ამ დროს საჭიროა იმპროვიზაცია, შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და განსხვავებული მიდგომის ცდა. STEM ოლიმპიადის მონაწილეებიც აღნიშნავენ, რომ ამოცანების ამოხსნაზე მუშაობის დროს კრეატიულობა და ორიგინალურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება – თანამედროვე განათლება თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ნაზავს ეფუძნება და ეს მხოლოდ STEM პროფესიებს როდი ეხება. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდამ საკუთარი ცოდნის გამოყენების გზაც იცოდეს. ამ უნარის დასაუფლებლად საუკეთესო გზა კი სწორედ STEM ოლიმპიადაა.
შეუპოვრობა – STEM ოლიმპიადის მონაწილეების თქმით, „შეცდომები საუკეთესო მასწავლებელია“. შესაბამისად, ისინი თანატოლებს ურჩევენ, არ შეეშინდეთ მარცხის, და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ!
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
