ჩინეთის გარდა აშშ-ს კანადამ და მექსიკამაც დაუწესეს საპასუხო გადასახადები, მას შემდეგ, რაც 4 მარტს ძალაში შევიდა აშშ-ის ახალი ტარიფები კანადის, მექსიკისა და ჩინეთის პროდუქციის მიმართ. ვაშინგტონმა კანადას და მექსიკას 25%-იანი ტარიფები დაუწესა, ჩინეთის პროდუქციის იმპორტზე გადასახადები კი 10%-დან 20%-მდე გაიზარდა.
კანადამ გამოაცხადა, რომ სარკისებურად 25%-იან გადასახადს უწესებს აშშ-ს და მოუწოდა მას, გადახედოს მის მიერ ახლად დაწესებულ ტარიფებს. კანადამ ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შეიტანა სარჩელი აშშ-ის ამ ნაბიჯის გამო.
„კანადელები გონიერი და თავაზიანი ხალხია,“ განაცხადა სამშაბათს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ. „მაგრამ ჩვენ უკან არ დავიხევთ ბრძოლაში მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი კეთილდღეობის ბედი წყდება.“
მისი თქმით, კანადური ტარიფები მაშინ გაუქმდება, სანამ აშშ გააუქმებს თავის ტარიფებს და „არცერთი წუთით უფრო ადრე“.
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მთავრობას აქვს საპასუხო გეგმები, მაგრამ დეტალები არ დაუსახელებია.
მანამდე ჩინეთმაც გადადგა საპასუხო ნაბიჯები და აშშ-ის საქონელს დამატებითი 10–15% გადასახადები დაუწესა. პეკინმა გამოაცხადა, რომ გააფართოებს საექსპორტო კონტროლის სიას და მასში აშშ-ის 15 კომპანიას შეიყვანს.
Bloomberg-ის თანახმად, ამერიკის ახალი საბაჟო გადასახადების გამო ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება 0,5%-ით შემცირდეს, ექსპორტი კი – 2,5%-ით.
ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს ასევე გადასახადები დააწესოს ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე. საქმე ეხება 10%-იან მოსაკრებელს ყველა პროდუქტზე. ტრამპის თქმით, ევროკავშირთან ორმხრივ საქონელბრუნვაში აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 300 მილიარდ დოლარს აღემატება.
