კრემლის ერთ-ერთ წამყვან პროპაგანდისტს, ჟურნალისტ ალექსანდრ გორდონს უცნობი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
სავარაუდო მსხვერპლის თქმით, შემთხვევა 2010 წელს მოხდა, იმ დროს ქალი 17, ხოლო გორდონი 46 წლის იყო.
ანას (სახელი შეცვლილია) ისტორიას Baza რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ანა იხსენებს, გორდონი გადაღებაზე გაიცნო და ელექტრონული ფოსტის მისამართი სთხოვა. რამდენიმეხნიანი მიმოწერის შემდეგ ისინი კაფეში შეხვდნენ, მოგვიანებით წამყვანის თხოვნით გორდონის სახლში ავიდნენ.
ბინაში გორდონი არასრულწლოვანს კონიაკით გაუმასპინძლდა. ანას თქმით, წამყვანი ბევრს ლაპარაკობდა საკუთარ კარიერაზე, პოლიტიკაზე, მისი თხოვნით ნახეს გორდონის რამდენიმე გადაცემა. ლაპარაკის დროს სავარაუდო ბრალდებულმა ბევრჯერ ხაზი გაუსვა ანას ასაკს და თქვა, რომ 16 წლის ქალთანაც ჰქონია ურთიერთობა, თუმცა რომანი აბორტით დასრულდა.
ანამ ახსენა ცნობილი მსახიობი, რომელიც ბინაში მოვიდა. მოგვიანებით სამივე მათგანი სვამდა ალკოჰოლს და ლაპარაკობდა კინოზე. ახალგაზრდა ქალი ზედმეტი ალკოჰოლისგან და სიგარეტისგან ცუდად გახდა და დაიძინა. ბრალმდებლის მტკიცებით წამყვანის კოცნამ გააღვიძა.
სავარაუდო დაზარალებული აღიარებს, რომ სექსუალური ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა და შიშით ცნობილ წამყვანს უარი ვერ უთხრა.
როგორც ანა იხსენებს, მომხდარის შემდეგ სახლში წავიდა. მოგვიანებით ბრალმდებელი გორდონს კიდევ რამდენჯერმე შეხვდა. მისი თქმით, ის ტელეწამყვანი ყველა შეხვედრაზე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და საკუთარი გადაცემების ყურებას აიძულებდა, ასევე ხშირად სინანულით ლაპარაკობდა საკუთარ კარიერაზე.
“რომ დათვრებოდა იწყებდა პუტინზე ლაპარაკს, დანანებით იძახდა, რომ მისგან სოლოვიოვი (კრემლის კიდევ ერთი რეიტინგული პროპაგანდისტი) ვერასდროს დადგება”. – ამბობს ანა.
ანას თქმით, გორდონთან ურთიერთობა რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გაწყვიტა, ვინაიდან ეჭვი ჰქონდა, რომ პროპაგანდისტი სხვა ქალებსაც ხვდებოდა.
ალექსანდრ გორდონი რუსეთში პოპულარული პოლიტიკურ-სოციალური თოქ შოუს, Гордон-ის ავტორი და წამყვანი იყო. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სამთავრობო და კრემლთან ასოცირებულ მედიებში.
ბოლოს გორდონი 2022 წელს, რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა Время вспомнить წაიყვანა.(ტაბულა)
