“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე “ძალიან ღია და უხეში ჩარევაა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში”. ამის შესახებ კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“გერმანიას ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა, ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს არის ჩემთვის, პირადად, ძალიან დასანანი მოვლენა. […]”, – თქვა კობახიძემ.
3 მარტს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლომდე ერთი დღით ადრე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მისი გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ხვალ ერთ თვეზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება“, – აცხადებს გერმანიის საგარეო უწყება.
სამინისტრო წერს, რომ „ქართული ოცნება“ „აგრძელებს დაშინების კამპანიას ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ“.
„ჩვენ ვუჭერთ მხარს მათ, ვინც თავისუფლებას იცავს“, – აცხადებს სამინისტრო.
3 მარტსვე ლიეტუვამ და ესტონეთმა სანქციები – სავიზო შეზღუდვები – დაუწესეს მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტებს – მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს.
ლიეტუვის საგარეო უწყება წერს, რომ სანქცირებულებს შორის არიან „პოლიციელები, რომელთაც ცრუ ჩვენებები მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და წვლილი შეიტანეს მის უკანონო პატიმრობაში“.
ესტონეთის საგარეო უწყების გავრცელებულ სიაში კი ჩამოთვლილია ამაღლობელის საქმის ფიგურანტების სახელები:
· მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები – ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი;
· ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელზე „თავდასხმასაც“ ედავებიან ამაღლობელს სილის გაწვნის გამო – ირაკლი დგებუაძე, რომელიც „დაზარალებულად“ არის ცნობილი;
· აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია და მისი მოადგილე დავით ათაბეგაშვილი, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილე გოჩა ვანაძე;
· მოსამართლეები – ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე.
მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში 38-დღიანი შიმშილობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს დააბრუნეს.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციამ 11 იანვარს, გვიან საღამოს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი 12 იანვარს ხელახლა დააკავა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
