რატი იონათამიშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია, გარედან მართული არ უნდა იყოს!

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის არის აუცილებელი – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია, გარედან მართული არ უნდა იყოს! – ამის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტში, პირველი მოსმენით განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვით, მაუწყებლების მიერ “უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება იკრძალება.
იონათამიშვილმა განაცხადა ისიც, რომ როდესაც მედია გარედან დაფინანსდება, ეს მედიის ცენზურას იწვევს.
„დღეს მედია არის საზოგადოების ინფორმირების მთავარი წყარო. მისი ობიექტურობა და დამოუკიდებლობა ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
როდესაც მედიის გარედან მართვა ხდება, იცვლება დღის წესრიგი, მიზნები და ამოცანები, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების და მოქალაქის ინფორმირებულობას ემსახურებოდეს, იმ კონკრეტული დღის წესრიგის შექმნას ემსახურება, რითაც დაინტერესებულია დამკვეთი, რაც როგორ წესი, აცდენილია ეროვნულ ინტერესებს.
ცოტა ხნის წინ -ში, USAID-თან დაკავშირებული პროცესები ვიხილეთ. ეს ორგანიზაცია 30 ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტ საინფორმაციო საშუალებას, 6 200 ჟურნალისტს და 300-ზე მეტ მედია მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებდა. ილონ მასკის განცხადებით ცხადი გახდა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ მედია ორგანიზაციებს თუ ჟურნალისტებს სტრატეგიული დუმილის პოლიტიკის ვალდებულება ჰქონდათ.
სტრატეგიული დუმილის პოლიტიკის დეფინიცია საინტერესოა და ის გულისხმობს ინფორმაციის განზრახ შეზღუდვას, მანიპულაციას, კონკრეტული საკითხების განხილვისგან თავის არიდებას, შერჩევითობას და დუმილის შენარჩუნებას, რათა მიღწეულ იქნას კონკრეტული მიზნები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება ნორმები, რომელთა თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება.
ამასთანავე, აიკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.