ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდის გეგმა, სახელწოდებით ReArm Europe (გადაიარაღე ევროპა).
ევროკომისიის პრეზიდენტის აზრით, ახალი გეგმის ფარგლებში შესაძლებელია თითქმის 800 მილიარდი ევროს მობილიზება თავდაცვისთვის. ევროკავშირი შესთავაზებს თავის წევრებს მეტ საბიუჯეტო სივრცეს თავდაცვის სფეროში ინვესტირებისთვის, ასევე, 150 მილიარდი ევროს სესხებს ამ ინვესტიციებისთვის. იმავდროულად, შეეცდება კერძო კაპიტალის მობილიზებას.
„ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ დროში. ევროპის უსაფრთხოებას რეალურად ემუქრება საფრთხე. ეჭვგარეშეა, რომ ევროპამ უნდა ეუთოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოება. რეალური კითხვაა, არის მზად თუ არა ევროპა იმოქმედოს ისე გადამწყვეტად, როგორც ამას სიტუაცია გვკარნახობს. და თუ შეუძლია იმოქმედოს საჭირო სისწრაფით და ამბიციით. ბოლო რამდენიმე კვირის სხვადასხვა შეხვედრებზე — ბოლო ორი დღის წინ ლონდონში — ევროპის დედაქალაქებიდან ნათელი პასუხის იყო. ჩვენ გადაიარაღების ეპოქაში ვართ. ევროპა კი მზად არის მასობრივად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, როგორც მოკლევადიანი გადაუდებელი აუცილებლობის — უკრაინის მხარდაჭერის, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარ უსაფრთხოებაზე საპასუხოდ“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ReArm Europe-ის გეგმა ხუთი ნაწილისგან შედგება:
· ეროვნულ დონეზე სახელმწიფო დაფინანსების გამოყენების გააქტიურება თავდაცვისთვის — „წევრი ქვეყნები მზად არიან, მეტი ინვესტიცია განახორციელონ საკუთარ უსაფრთხოებაში, თუ მათ ექნებათ ფისკალური სივრცე და ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება. ეს საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ხარჯები გადაჭარბებული დეფიციტის პროცედურის (Excessive deficit procedure) ამოქმედების გარეშე. მაგალითად: თუ წევრი სახელმწიფოები გაზრდიდნენ თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 1,5%-მდე, ამან შეიძლება შექმნას 650 მილიარდ ევროს ფისკალური სივრცე ოთხი წლის განმავლობაში“;
· ახალი ინსტრუმენტი, რომელიც ითვალისწინებს 150 მილიარდი ევროს სესხს წევრი სახელმწიფოებისთვის თავდაცვაში ინვესტირებისთვის — „ეს ძირითადად ეხება უკეთეს ხარჯვას და ერთად ხარჯვას ისეთ შესაძლებლობებზე, როგორიცაა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, არტილერია, რაკეტები და საბრძოლო მასალები, დრონები და ანტი-დრონის სისტემები; რა თქმა უნდა, ამ აღჭურვილობით წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, მასიურად გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა“;
· ევროკავშირის ბიუჯეტის ძალაუფლების გამოყენება — მეტი თანხების მიმართვა თავდაცვასთან დაკავშირებული ინვესტიციებისკენ: „ჩვენ შევთავაზებთ დამატებით შესაძლებლობებს და წახალისებას წევრ სახელმწიფოებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები“;
· კერძო კაპიტალის მობილიზება დანაზოგების დაჩქარებით და
· საინვესტიციო კავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით.
„ევროპა მზად არის აიღოს თავისი პასუხისმგებლობა. ReArm Europe-ს შეუძლია, დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მობილიზება უსაფრთხო და გამძლე ევროპისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ნატოს პარტნიორებთან. ეს მომენტია ევროპისთვის. და ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ“, — დასძინა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპის ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს ბოლო სამი წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთსი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების ხარჯების კიდევ უფრო ზრდა დღის წესრიგში დგას იმ შიშების ფონზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებულ შტატებმა შესაძლოა უარი თქვას თავის როლზე ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
