აუცილებელია მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება – გერმანიის საგარეო უწყება

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლომდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ხვალ ერთ თვეზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება“, – აცხადებს გერმანიის საგარეო უწყება.
მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა ს საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 14:00 საათზეა დანიშნული.
3 მარტს X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტრო წერს, რომ „ქართული ოცნება“ „აგრძელებს დაშინების კამპანიას ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ“.
„ჩვენ ვუჭერთ მხარს მათ, ვინც თავისუფლებას იცავს“, – აცხადებს სამინისტრო. 4 მარტს გერმანიის საელჩომ ეს განცხადება ხელახლა გააზიარა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტის წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველია.
მან უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად.
ასობით ქართველი თუ უცხოუელი ჟურნალისტი, უფლებადამცველი ორგანიზაცია, ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მთავრობა და მათი წარმომადგენლები ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.
3 მარტსვე ლიეტუვამ და ესტონეთმა სანქციები – სავიზო შეზღუდვები – დაუწესეს მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტებს – მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს.
ლიეტუვის საგარეო უწყება წერს, რომ სანქცირებულებს შორის არიან „პოლიციელები, რომელთაც ცრუ ჩვენებები მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და წვლილი შეიტანეს მის უკანონო პატიმრობაში“.
ს საგარეო უწყების გავრცელებულ სიაში კი ჩამოთვლილია ამაღლობელის საქმის ფიგურანტების სახელები:
· მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები – ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი;
· ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელზე „თავდასხმასაც“ ედავებიან ამაღლობელს სილის გაწვნის გამო – ირაკლი დგებუაძე, რომელიც „დაზარალებულად“ არის ცნობილი;
· აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია და მისი მოადგილე დავით ათაბეგაშვილი, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილე გოჩა ვანაძე;
· მოსამართლეები – ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე.
მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში 38-დღიანი შიმშილობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს დააბრუნეს.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციამ 11 იანვარს, გვიან საღამოს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი 12 იანვარს ხელახლა დააკავა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.
მზია ამაღლობელმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რუსთავის მე-5, ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ცნობით, ოთხი პოლიციელი – ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილი – სიტყვა-სიტყვით ერთნაირად აღწერენ, როგორ გააწნა სილა მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროსს და როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს.
გამოცემების თანახმადვე, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იდენტურია:
· მათი თხრობის ქრონოლოგია;
· ლექსიკა;
· წინადადებების ფორმულირებები;
· სიტყვები, რომლითაც მომხდარს აღწერენ;
· დეტალები, რომლებზეც გაამახვილეს ყურადღება.