ვიქტორ ორბანსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა – ორი ქვეყნის ლიდერმა საჩუქრები – ცხენი და თურქული წარმოების ელექტრომობილი გაცვალეს

უნგრეთის პრემიერ -მინისტრ ვიქტორ ორბანსა და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა და როგორც ანკარაში განაცხადეს, ვიზიტის მიზანს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში მხარეები მოლაპარაკებებს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გამართავენ, რომელიც ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და კულტურის საკითხებს მოიცავს. მოსალოდნელია რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმებაც.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საჩუქრები – ცხენი და თურქული წარმოების ელექტრომობილი გაცვალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრების დღის წესრიგში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების საკითხიც დგას.