ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს (EUAA) მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის თანახმად, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადების რაოდენობა ევროკავშირში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში 2024 წელს 11%-ით შემცირდა, თუმცა ზედიზედ მეორე წელია ერთ მილიონს აღემატება. საერთო ჯამში, 2024 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1 014 420 ადამიანმა მოითხოვა, 2023 წელს კი მათი რიცხვი 1 143 437 შეადგენდა.
ანგარიშის თანახმად, ერთი მილიონი განაცხადის თითქმის ნახევარი (48%) შეიტანეს იმ სახელმწიფოების მოქალაქეებმა, რომელთაც დადებითი გადაწყვეტილების მიღების დაბალი შანსი აქვთ. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ასეთი ტენდენცია გაამძაფრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეშფოთებას, რომლებმაც მოსთხოვეს ბრიუსელს მოქმედი კანონმდებლობის რეფორმირება, რათა დაჩქარდეს თავშესაფრის დაკმაყოფილებაზე უარყოფილი პირების დეპორტაცია. საუბარია მათ შორის ეკონომიკურ მიგრანტებზე, რომლებიც ევროკავშირში საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ჩადიან და არა დევნის ან არასათანადო მოპყრობის გამო.
ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს (EUAA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების მსგავსად, 2024 წელსაც თავშესაფრის მაძიებლების უდიდეს ჯგუფებს წარმოადგენდნენ სირიელები, ავღანელები, ვენესუელელები, თურქები და კოლუმბიელები. ამასთან, სირიელების მოთხოვნები 17%-ით შემცირდა. ასევე შემცირებულია ავღანეთის, თურქეთის და კოლუმბიის მოქალაქეთა განაცხადებების რიცხვიც. გაზრდილია ვენესუელელი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. მათი განაცხადების დიდი უმრავლესობა (90%) ესპანეთში შევიდა. რუსეთის ომის გამო ქვეყნიდან წამოსული უკრაინელების განაცხადების რაოდენობამ 2024 წელს 27 000-ს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 90%-იანი ზრდაა. „ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ ასეთი მკვეთრი ზრდა უკავშირდება დროებითი დაცვის დირექტივას, სპეციალურ რეჟიმს, რომელიც უკრაინის მოქალაქეებზე 2026 წლის მარტამდე ვრცელდება.
ანგარიშის მიხედვით, თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე მეტი განაცხადი გერმანიაში შევიდა. 2024 წელს ამ განაცხადების რაოდენად 237 000-ზე მეტი იყო. თუმცა, 2023 წელთან ეს მაჩვენებელი 29%-ითაა შემცირებული. გერმანიის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნებით ლიდერობს ესპანეთი (165 767 მოთხოვნა), იტალია (158 867), საფრანგეთი (158 730), საბერძნეთი (73 688), ბელგია (39 206) და ნიდერლანდები (33 437).
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებში შესული თავშესაფრის მოთხოვნათა განაცხადების სრული რაოდენობის 42% დაკმაყოფილდა. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით უცვლელია. ყველაზე მეტი განაცხადი აღიარებული იყო შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის: სირია (90%), მალი (84%), ერითრეა (81%), უკრაინა (80%), ავღანეთი (63%) და სომალი (60%). სწორედ მათ განაცხადებს აქვთ დაკმაყოფილების ყველაზე დიდი შანსი. თუმცა „ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ განაცხადების აღიარების მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია. მაგალითად, ავღანელებს, რომლებმაც საბერძნეთში შეიტანეს განაცხადი, ჰქონდათ 98%-იანი აღიარების მაჩვენებელი, ხოლო მათ, ვინც ბელგიას მიმართეს, ჰქონდათ აღიარების გაცილებით დაბალი, 39%-იანი მაჩვენებელი. განაცხადების აღიარების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის ქვეყნებია: თურქეთი, ნიგერია, პაკისტანი, კოლუმბია, ტუნისი, მაროკო, ბანგლადეში და საქართველო.
ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო მოქალაქეების განაცხადები აღიარების კოეფიციენტი 2024 წელს დაახლოებით 4% იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების 15 059 განაცხადი შევიდა. 2023 წელს მათი რაოდენობა 25 209-ს შეადგენდა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეების განმეორებითი განაცხადების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 17%-ს შეადგენს. აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები განმეორებითი განაცხადით ძირითადად საფრანგეთს, გერმანიასა და ბელგიას მიმართავდნენ. ანგარიში მიხევდით, 2024 წლის ბოლოს განხილვის პროცესში მყოფი განაცხადების საერთო რაოდენობა 981 000-ს შეადგენდა. „ევრონიუსის“ ცნობით, ეს ციფრი 2016 წლის მიგრაციული კრიზისის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებლებს უტოლდება.
ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს ცნობით, გასულ წელს ევროკავშირის საზღვარი არალეგალურად 239 000 პირმა გადაკვეთა, რაც შარშანდელთან შედარებით 38%-ით ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ 2024 წელს შეტანილი 1 014 420 თავშესაფრის განაცხადის უმეტესობა ისეთი ადამიანებისგან მოდის, რომლებიც ევროკავშირში ლეგალური გზებით ჩავიდნენ.
1tv.ge
