საქართველოს ექნება სიმსივნის მკურნალობის ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ამერიკასა და ევროპაში ერთეულებია, თურქეთს კი საერთოდ არ აქვს. ამის შესახებ დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, აშშ-ის სამედიცინო მენეჯმენტის ასოციაციის წევრმა, ბიზნესმენმა დიმიტრი ტვილდიანმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის ფონდის მეშვეობით ადრონული ცენტრი კეთდება, ეს ამერიკაშიც სულ რამდენიმეა და იქაც უზარმაზარი რიგებია, ევროპაში 2 თუ სამია, თურქეთში კი ჯერ საერთოდ არ არის, რადგან ძალიან ძვირადღირებული მეთოდია. ესაა ძალიან დამზოგავი მეთოდი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, რადგან იმ ადგილის დასხივბება შეგიძლია გააკეთო, რომელიც გჭირდება და არა – გამჭოლად. ესაა ძალიან თანამედროვე და კარგი მეთოდი. ეს მეთოდი საქართველოს უცბად დააყენებს ლიდერის პოზიციაში. თუ ამასთან ერთად შევძლებთ ჩვენი მომზადებული ექიმები ჩამოვიყვანოთ, ეს ძალიან კარგი იქნება,“- განაცხადა ტვლიდიანმა და აღნიშნა, რომ ესაა მეთოდი, რომლის მსგავსიც ისეთ ძლიერ ქვეყანასაც კი არ აქვს, როგორიც თურქეთია, საქართველოს კი ერთი ადამიანის დახმარებით მალე ექნება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ციკლოტრონით სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა 2025 წლის შუა პერიოდიდან უნდა დაიწყოს. ორ ციკლოტრონს საქართველოში მომდევნო წელს ელოდებიან. რის შემდეგაც მათი დატესტვა დაიწყება, 2025 წლის შუა პერიოდიდან კი ეს ულტრათანამედროვე აპარატურა პირველ პაციენტებს მოემსახურება.
ორი ციკლოტრონი (პროტონების ამაჩქარებელი) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება.
ციკლოტრონით მკურნალობა საქართველოში გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე უცხოეთის წამყვან ქვეყნებში. ბიზნეს-მოდელზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს, თუმცა ცნობილია, რომ ეს სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაიფარება, პედიატრიულ ნაწილში კი ის სრულიად უფასო იქნება.
პროექტი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ხორციელდება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორ ციკლოტრონს ბელგიაში აწყობს.
პროტონული თერაპიის უპირატესობა ისაა, რომ ხდება პაციენტის დასხივება, ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული და არა ჯანსაღი უჯრედები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დროს. სწორედ ამისთვისაა საჭირო ციკლოტრონიც. ამ ეტაპზე მსოფლიოში სიმსივნეს პროტონებით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობენ.
ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის.
მეორე ციკლოტრონი კი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმართავს კვლევებს სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში.
ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და მას სრულად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
წყარო: ჯანდაცვა