ბათუმის პროევროპული აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის ადვოკატის ინფორმაციით, მან შიმშილობის 46-ე დღეს პირველად თქვა, რომ თავს სუსტად გრძნობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტის, მარიამ გაბროშვილის თქმით, აქამდე ქათამაძე მუდმივად ამბობდა, რომ თავს მხნედ გრძნობს.
ქათამაძე ადვოკატს ბოლოს დღეს, მობილურით ესაუბრა. რადგან 3 მარტი არასამუშაო დღეა, მათ შეხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. მარიამ გაბროშვილმა ქათამაძე ბოლოს პირადად პარასკევს, 28 თებერვალს მოინახულა. როგორც ადვოკატი ამბობს, დაკავებულს მაშინაც ეტყობოდა, რომ მნიშვნელოვნად დასუსტებული იყო. მათ შორის, უჭირდა მეტყველება.
“ბოლოს დღეს ვესაუბრე. როგორც მითხრა, თავს უკვე სუსტად გრძნობს. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, როცა მუდმივად ამბობდა, რომ თავს მხნედ გრძნობდა. თუმცა, ჯერჯერობთ, ისევ აგრძელებს შიმშილობას. ისევ უარს ამბობს გამოკვლევებზე, ან სამედიცინო კლინიკაში გადაყვანაზე”, – ამბობს გაბროშვილი და დასძენს, რომ ის მუდმივად სთხოვს ქათამაძეს, დათანხმდეს, მინიმუმ, კლინიკაში გადაყვანას და გამოკვლევებს, რათა 18 მარტს, სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღება შეძლოს.
18 მარტს სასამართლომ უნდა განიხილოს ქათამაძის საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც მას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამ სტატუსი გარეშე მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.
ადვოკატს ვკითხეთ ქათამაძის წერილზე, სადაც დაკავებული მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლასა და შევიწროებაზე საუბრობს. გარდა იმ ფაქტებისა, რაზეც ქათამაძე თავის წერილში ჰყვება, გაბროშვილს სხვა საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.
“დაკავების დღიდანვე მიოთებდა ისეთ ფაქტებზე, როგორიც არის მაგალითად ის, რომ არ გააცნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოველ დღე ჰქონდა ადვოკატთან, ანუ ჩემთან 4-წუთიანი ზარის უფლება – დაკავებიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ მისცეს ამის შესაძლებლობა. კიდევ პატარა საკითხებია, რომლებიც თითქოს ცალკე აღებული მნიშვნელოვნად არ ჩანდეს. მაგალითად, მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მისი საქმისთვის, დაგვიანებით გადასცეს შეგზავნილი დოკუმენტი. მსგავსი საკითხები, შიმშილობის პარალელურად, კიდევ უფრო დიდი სტრესი არის ამ ადამიანისთვის. ასევე, არ აქვს ისეთი მინიმალური ხელშეწყობაც, როგორიც არის 5 წუთი რომ დაამატოს შეხვედრის დროს. ხშირად, სახალხო დამცველიც შედის მასთან, მეც, როგორც ადვოკატი შევდივარ და როცა უნდა მის რომელიმე მეგობარსაც მონახულება, ამ დროს იწურება ნახვის საათები და 5 წუთის დამატების შესაძლებლობასაც არ აძლევენ. ასევე, მუდმივად რომ წერილებს წერს და აგზავნის მედიისთვის, მისი ახლობლებისთვის, ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, იმის შესაძლებლობაც არ აქვს, რომ მაგიდა ჰქონდეს. საწოლზე უწერს ამ წერილების წერა”, – ამბობს ადვოკატი.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ათ წელზე მეტია რაც საქართველოში ცხოვრობს, ჩაბარებული აქვს საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო ტესტები, გამართულად ფლობს სახელმწიფო ენასაც, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება.
თემურ ქათამაძეს ეს საკითხი სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
მას შემდეგ რაც, არჩევნების გაყალბების გამო საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, თემურ ქათამაძე აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ გამოსვლებში, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
ის 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან დააკავეს და რამდენიმე დღე იზოლატორში გაატარა. დაკავებისას, როგორც ის აღნიშნავდა, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც.
იზოლატორიდან გამოსვლისთანავე კი თემურ ქათამაძე მეორედ დააკავეს, ამჟამად მას საქართველოში უკანონოდ ცხოვრებას ედავებიან. ქათამაძე შს სამინისტროს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია და 3-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
„ოცნების“ ხელისუფლება მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხს განიხილავს, რასაც აპროტესტებს თემურ ქათამაძე.
პატიმრობის პერიოდში მან ასევე მოითხოვა ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი, რაზეც ასევე უარს ეუბნებიან და სწორედ ამაზე პროტესტის ნიშნად შიმშილობს ის.
თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს.
ამავე თემაზე:
· „რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის“- ბათუმელი მედროშის მდგომარეობა მძიმეა
