საქართველოს 4 სიამაყე – მარიანა აჩბა, ირმა გიგანი, ნატალია ქუთათელაძე და დავით ალადაშვილი სცენაზე და სცენის მიღმა – Marao
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პიანისტმა მარიანა აჩბამ კადრები თბილისის კონსერვატორიაში შემდგარი კონცერტიდან გამოაქვეყნა. ამ მნიშვნელოვან დღეს მის გვერდით მეგობრები, ასევე, მუსიკოსი ნატალია ქუთათელაძე, ირმა გიგანი და დათუნა ალადაშვილი იყვნენ. მარიანამ დათუნასთან და ლუის შვიცგებელთან ერთად რახმანინოვი ექვს ხელში შეასრულა. გაიცანით ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავები უფრო ახლოს:
მარიანა აჩბა
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის და ცნობილი დიზაინერის, მაკა ასათიანის დისშვილი მარიანა აჩბა კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობით ყურადღებას ხშირად იქცევს. მარიანამ განათლება მუსიკალურ სფეროში საზღვარგარეთ მიიღო. ის პიანისტია და წარმატებული კარიერა აქვს.
“ზრდასრულ ასაკში რომ დავიწყე დაკვრა, მივხვდი, რომ მე კი არ ვჭირდები მუსიკას, როგორც ამას ბავშვობაში გაჯერებენ, არამედ მე მჭირდება მუსიკა იმისათვის, რომ ვიგრძნო თავი ისე ბედნიერად, როგორც ვგრძნობ… ახლა პარიზში ვარ, ჩემს სახლში. რომ დავიბადე, ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდით აქ და მერე გადავედით საქართველოში. მამის მხრიდან აფხაზი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ არასდროს არ ვყოფილვარ. მშობლები აფხაზეთზე განსაკუთრებული სიყვარულით გვიყვებიან. პარიზში ვსწავლობდი კინოაკადემიაში, სარეჟისოროზე და სულ ვფიქრობდი, რატომ დავანებე დაკვრას თავი. 5 წლის ვიყავი, დაკვრა რომ დავიწყე. შემდეგ11 წლისამ თავი დავანებე. მუსიკას 18 წლის ასაკში დავუბრუნდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, თითქოს მანამდე არასდროს დამიკრავს. ძალიან ბევრი ვიტირე და ვთქვი, რომ დავაგვიანე. შემდეგ პარიზში რომ დავბრუნდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და გული მწყდებოდა, რომ დავთმე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ისევ თავიდან ვცადე, პატარა პროგრესი დავინახე და მუსიკასთან გაუცხოებაც გაქრა. როცა გავიგე, რომ პირველი კონცერტი უნდა დამეკრა, მთელი სამი თვე ვნერვიულობდი. ეს იყო იმ 15 წლის ღელვა ერთიანად. სიზმარივით მახსოვს, რაც შეუძლებელი მეგონა, უნდა დამემტკიცებინა, რომ ან მართლა შეუძლებელია, ან შემიძლია” – ამბობდა მარიანა.
ირმა გიგანი
ირმა გიგანი 1996 წლის 5 აპრილს პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისა და ჯონი გიგანის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ცნობილი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანია, ბიძა – მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი. 5 წლისა შევიდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის 1-ელ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ნიჭიერთა ათწლედში. 2002 წლის 16 ივნისს ქალაქ მინერბიოში შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე ირმა გიგანი გახდა 8-13 წლის ბავშვებს შორის გრან-პრის მფლობელი. 2002 წლის 9 ივლისს თბილისის მწერალთა კავშირის საკონცერტო დარბაზში კამერული ორკესტრის თანხლებით შეასრულა ბახის კონვერტი რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. 2002 წლის 25 ივლისს მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში „ნიჭიერი ბავშვები“ და პირველ საერთაშორისო ფესტივალში „ხელოვნების ზეიმი“. 2003 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართა სოლო-კონცერტი, სადაც შეასრულა ბახის კონცერტი ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. 2010 წელს ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. 27 წლის პიანისტი დროის ნაწილს საქართველოში, ნაწილს კი ავსტრიაში ატარებს და გულშემატკივრებს საკუთარი წარმატებით ხშირად ანებივრებს.
ნატალია ქუთათელაძე
ნანი ბრეგვაძისა და მერაბ მამალაძის შვილიშვილი, ეკა მამალაძის და მერაბ ქუთათელაძის ოჯახში დაბადებული მომავალი ვარსკვლავი ბავშვობიდან სარგებლობდა პოპულარობით, თუმცა ცნობილი ოჯახი არ ყოფილა ნატალია ქუთათელაძის წარმატების გასაღები. ის მცირე ასაკიდან განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით გამოირჩეოდა და კარიერაში არაერთი დიდი წარმატებაც აქვს. ნატალიას ბოლოდროინდელი წარმატებებიდან აღსანიშნავია Teatro Municipal De Santiago-ში, რომელიც წარმოადგენს ჩილეს ეროვნულ თეატრსა და კულტურულ ცენტრს, ჟორჟ ბიზეს ოპერაში “კარმენი” სადებიუტო როლი. მის გამოსვლას შესანიშნავი შეფასებები მოჰყვა. ნატალიას ჰყავს ოჯახი, მეუღლე, აჩიკო ჯაფარიძე და შვილი, სანდრო. მათთან ერთად მუსიკოსი დიდ დროს ატარებს და პატარა სანდრო უკვე გასტროლებზეც დაჰყავს.
დავით ალადაშვილი
ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი დაიბადა 1990 წლის 13 აპრილს თბილისში. 11 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. 15 წლის ასაკში მიიღეს თბილისის სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში, დარეჯან ცინცაძის კლასში. 2007 წელს ალადაშვილი გადავიდა ნიუ-იორკში და შევიდა ჯულიარდის სკოლაში მუსიკის მოსამზადებელ განყოფილებაზე, სადაც მას ასწავლიდა ვიქტორი მუშკატკოლი. ბოლო პედაგოგი ჯულიარდის სკოლაში იყო ჯერომ ლოვენტალი და მატი რაეკალიო. 2012 წელს ალადაშვილმა დაამთავრა ჯულიარდის სკოლა ბაკალავრის დიპლომით. დავით ალადაშვილი მასტერ-კლასს იღებდა ცნობილი მუსიკოსებისაგან, მათ შორისა,ა კარლ-ჰაინც კემერლინგი, დიმიტრი ბაშკიროვი, ანტონ ნელი, რაჩარდ გუდი, ალექსანდრე ბოდურანსკი, იოჰევედ კაპლისკი, ალექსანდრე კორსანტია და სხვ. ასევე მუსიკოსს მონაწილეობა მიღებული აქვს უამრავ ფესტივალში. მათ შორის ვლადიმერ ნილსენის ფორტეპიანოს ფესტივალი სეგ-ჰარბორში (ნიუ-იორკის შტატი, აშშ) 2008/2009 წლებში და ზალცბურგის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში-2011/2013 წლებში.
დავით ალადაშვილს პრესა მოიხსენების, როგორც “ემოციური ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის”. პიანისტი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი,მათ შორისაა ახალგაზრდა პიანისთა საერთაშორისო კონკურსი თბილისში (2001) და რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი პარიზში (გრან-პრი, 2006).
2010 წლის თებერვალში მას ჰქონდა სოლო კონცერტი კარნეგი-ჰოლში. 2010 წლის ნოემბერში დათუნამ მიიღო მონაწილეობა რობერტ შუმანის გარდაცვალებიდან 200 წლის თავისადმი მიძღვნილ ფესტივალზე “White Light Festival”, ნიუ-იორკში ლინკოლნ ცენტრში. 2011 წლის მარტში პიანისტის კონცერტები გაიმართა ჰიუსტონში და თბილისში.