საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინასა და რუსეთს ნაწილობრივ, ერთთვიან ზავს სთავაზობენ.
ზავი არ მოიცავს სახმელეთო ბრძოლას, თუმცა დაფარავს საჰაერო, საზღვაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე შეტევებს.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Le Figaro-ს განუცხადა.
„საკითხავი ის არის, თუ როგორ გამოვიყენებთ ზავის მოპოვების მცდელობების დროს, მოლაპარაკებებს, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება და შემდეგ, როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, ევროპული სამშვიდობოების განლაგება“, — განაცხადა მაკრონმა.
ლონდონში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, იცოდა თუ არა ამ გეგმის შესახებ. „მე ყველაფერი ვიცი”, — უპასუხა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა.
თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ფიასკოთი დასრულების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ უმასპინძლა უკრაინის სამიტს. ღონისძიებაში კანადისა და ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები იმუშავებენ უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, შემდეგ კი მას აშშ-სთან განიხილავენ.
„შევთანხმდით, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შესაძლოა, კიდევ 1-2 ქვეყანა იმუშავებს უკრაინასთან ბრძოლის შეწყვეტის გეგმაზე და შემდეგ, ამ გეგმას განვიხილავთ აშშ-სთან“, — განაცხადა სტარმერმა.
