“თუ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდა, სამოსახლო მიწის ნაკვეთებზე ფასების ზრდა თბილისსა და თბილისის შემოგარენში აუცილებლად შენარჩუნდება”, – ამის შესახებ brokeri.ge-ის მმართველმა პარტნიორმა, ილია ინაშვილმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილაში“ ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ მიწის ნაკვეთების ბაზარზე ფასები მზარდია. ბროკერების ნაწილი აღნიშნავს, რომ თბილისის შემოგარენში რიგ არეალებში 1 კვადრატული მიწის ღირებულება თითქმის გახუთმაგებულია. მიზეზი მწირი მიწის ფონდი და მზარდი მოთხოვნაა, რომელსაც მიწოდება ჩამორჩება. იკლებს საინვესტიციო მიწების რაოდენობაც, რაც ამ კატეგორიის ნაკვეთებზე ასევე ფასების ზრდას იწვევს. ამასთან, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არამხოლოდ უძრავი ქონების, არამედ მიწის ნაკვეთების ბაზარზეც აისახა. ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთების მიმართ ინტერესი მაღალია, თუმცა მოქალაქეები მიწის აქტივში ფულის დაბანდებისგან ქვეყანაში შექმნილი გაურკვევლობის ფონზე უმეტეს შემთხვევაში თავს იკავებენ.
როგორც brokeri.ge-ის მმართველი პარტნიორი ეთერში საუბრობს, ფასების ცვლა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. მათ შორის, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება თუ ეს პროცესი გაჩერდება, ეს მიწის ნაკვეთების ფასზე გავლენას მოახდენს.
“თუ ქვეყანაში მინიმუმ სტაბილური მდგომარეობა შეგვინარჩუნდა, მაშინ 2025-ში და 2026-ში მიწის ნაკვეთებზე მკვეთრ ზრდას ველოდებით. ოღონდ არა ყველგან. ფასების ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ, თბილისსა და თბილისის შემოგარენში აუცილებლად შენარჩუნდება. სამოსახლო მიწის ნაკვეთებზე თბილისსა და მის შემოგარენში საერთო შეწონილი წლიდან წლამდე, 25%-იან ზრდას აჩვენებს. გვქონდა არეალები, სადაც მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო. მაგალითად, წყნეთის მიმდებარედ. ბაგებიდან წყნეთის მიმართულებითაც ფასები ძალიან გაიზარდა. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც ასევე მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
თუ ვისაუბრებთ კომერციულ მიწის ნაკვეთებზე, საინვესტიციოდ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნის ზრდა არ შეჩერებულა. შესაბამისად, ეს ფასებზეც აისახა. ამიტომაც თბილისში საკორპუსე მიწის ნაკვეთები დეველოპერებისთვის ფაქტობრივად აღარ არის და ძნელი მოსაძიებელია“, – ამბობს ილია ინაშვილი.
