რა უნდა გაითვალისწინონ მეწყრულ ზონაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია 3 გარდაცვლილის შესახებ.
მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე. ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოქალაქეებმა ადგილობრივების დასახმარებლად მოხალისეობრივი ჯგუფი შექმნეს. ამასთანავე, დასავლეთ საქართველოში მოქალაქეთა დახმარების პროცესში ჩართულია თავდაცვის ძალებიც.
გარდა მიმდინარე სტიქიისა, უხვი თოვლის შემდგომი პერიოდი რისკებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, შემდეგ კვირებში თოვლის დნობამ რისკ-ზონებში შესაძლოა, მეწყრული პროცესების გააქტიურებას შეუწყოს ხელი.
გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი აღნიშნავს, რომ ამ რისკის წინაშე დგას იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და მაღალმთიანი აჭარის მთაგორიანი ტერიტორიები, თუმცა ეს რისკები არ ვრცელდება საქალაქო ტიპის დასახლებებზე.
„ბათუმში, ფოთში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურის დიდ ნაწილში საქალაქო დასახლებაში რელიეფი არ არის პოტენციური რისკის შემცველი. რაც შეეხება მაღალ ზონას, არამარტო აჭარა და გურია, ასევე საყურადღებოა სამეგრელო და იმერეთიც – იქ რისკის ფაქტორი მაღალია. როდესაც დიდთოვლობის შემდეგ თოვლი დნება, ჩადის გრუნტში, გრუნტი იწყებს მოძრაობას და დაცურებას სიმძიმის ძალის მიხედვით – ეს ქმნის „ხელსაყრელ“ პირობებს მეწყრული პროცესების განსავითარებლად და რისკ-ფაქტორები იზრდება. ამ რეგიონში არის ამის ბუნებრივი პირობა, ამ ბუნებრივ პირობას თუ ადამიანიც ხელს შეუწყობს, და უწყობს სამწუხაროდ, რისკი იზრდება“, – აღნიშნავს გიორგი დვალაშვილი.
გეომორფოლოგი განმარტავს, რომ თოვლის დნობის შემდეგ, მეწყრული პროცესების ჩასახვის წინაპირობაა მაგალითად, ხეების დეფორმირება, სახლსა და საკარმიდამო მიწებზე ბზარების გაჩენა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ფრთხილად, მსგავსი ნიშნების შემთხვევაში უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურებს და შეძლებისდაგვარად გაერიდონ ტერიტორიას.
„მოსახლეს, რომელიც იქ ცხოვრობს, თვითონ შეუძლია მონიტორინგი ჩაატაროს, თუ დაინახავს, რომ დნობის შემდეგ ხემ ან სახლმა დეფორმაცია განიცადა, გაჩნდა ბზარები საკარმიდამო მიწებზე, უნდა იმოქმედოს მყისიერად. აუცილებელია მსგავსი ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართოს შესაბამის სამსახურებს და მყისიერად დატოვოს ტერიტორია – ეს არის მთავარი პრევენცია.
ყველაზე მთავარი თავიდან ბოლომდე არის ადამიანი, ადგილობრივ მცხოვრებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. დღესვე უნდა დაიწყოს იმაზე მუშაობა, რომ იცოდნენ, თუ გაჩნდა ნაპრალი ან სხვა ნიშანი, მოქალაქემ უნდა შეატყობინოს შესაბამის სამსახურებს, ან სოციალურ ქსელში დაწეროს. თუ გაჩნდა პირველი ნიშნები, იქ უკვე დაგვიანება აღარ შეიძლება, შესაძლოა, სწრაფად განვითარდეს პროცესები.
მეწყრის საშიშროება არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა პანიკაში უნდა ჩავარდეს. ეს არის ბუნებრივი კანონზომიერება. შესაძლოა, კლიმატური ცვლილებების გამო მოიმატა მსგავსმა პროცესებმა, მაგრამ ადამიანს ყოველთვის შეუძლია გადაირჩინოს თავი – ეს მეწყრის შემთხვევაში უფრო მარტივია, ვიდრე მაგალითად, ღვარცოფის შემთხვევაში. მაგალითად დიდი თოვლი რომ მოდის, იმას ვერაფერს ვერ უზამ, მაგრამ ლღობის პროცესში შესაძლოა, პროცესებზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიიდან გარიდება“, – ამბობს გეომორფოლოგი.
წყარო: bpn.ge