“იცით, რას ამბობდა ბრიტანეთის პრემიერი ნევილ ჩემბერლენი ჰიტლერზე – რომ ხანგრძლივი საუბრის შედეგად მათ გაუგეს ერთმანეთს; რომ ჰიტლერი მიცემული სიტყვის შემსრულებელი კაცია და ა.შ. ბოლოს შეუთვალა, რომ შესაძლებელია დალაგება.
როცა უკვე მიუნხენში დიდი ბიჭები მშვიდობის სახელით ჰიტლერთან ,,სძელკას” დებდნენ ჩეხოსლოვაკიის ჩაბარებაზე, იცით, სად იყო თავად ჩეხოსლოვაკიის დელეგაცია ? გვერდით სასტუმროში. არათუ შეხვედრაზე, იმ შენობაშიც კი არ დაუშვეს, სადაც ევროპის ლიდერები შეიკრიბნენ. სხვა სასტუმროში (გესტაპომ მიუჩინა ის ადგილი) ელოდებოდნენ თავისი ქვეყნის ბედის გადაწყვეტას.
როგორც გადაწყდა, კარგად მოგეხსენებათ.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის დელეგაციას დაუძახეს, გადასცეს განაჩენი – ან დასთანხმდებით ან მოგიწევთ გერმანიასთან ურთიერთობის გარკვევა უჩვენოდო.
მიუნხენიდან ჩემბერლენი მშვიდობისმყოფლის მანტიით ლონდონში დაბრუნდა ჰიტლერთან გაფორმებული ქაღალდის ნაგლეჯით, რომელმაც საბოლოოდ ისტორიის სანაგვეზე დაიდო ბინა. ის ფურცელი მშვიდობის კი არა, ყველაზე დიდი ომის ხელშეკრულება აღმოჩნდა. ,,მშვიდობისმყოფელმა” პრემიერმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ კატასტროფას შეუწყო ხელი, როცა მტაცებლის მოთვინიერების პოლიტიკა აირჩია. არადა შეიძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.
მიუნხენის ,,სძელკის” შემდეგ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ბენეში იძულებული გახდა, გადამდგარიყო და მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე დევნილი იყო, ქვეყანა კი უბრძოლველად დაეცა.
ასე რომ, არასდროს არ უნდა მისცეს ქვეყანამ უფლება სხვებს, მისი ბედი გადაწყვიტონ.
ჩვენი ისტორიიდანაც გვაქვს მაგალითი. საპირისპირო. 2008 წელი. სარკოზის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი გეგმა. სხვათა შორის, იმ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსკოვში მედვედევის ბოსთან, პუტინთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილება მიიღო.
რაც შეეხება უშუალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თავდაპირველად იქ იყო პუნქტი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის თემაზე საერთაშორისო დისკუსიას ხსნიდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს თავად უნდა მოეწერა ხელი საკუთარი ორი რეგიონის აღიარების განხილვაზე. ფაქტობრივად ეს ნიშნავდა ამ ტერიტორიებზე უარის თქმას.
სააკაშვილმა არ მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტის იმ ვარიანტს. იცით, რას ეუბნებოდნენ – მოაწერე ხელი, თორემ რუსები მალე თბილისში იქნებიანო. არ მოაწერა და საბოლოოდ ამოაღებინა ეგ პუნქტი დოკუმენტიდან. ეგ დოკუმენტი რომ საერთოდ არ გაფორმებულიყო, სარკოზისთვის სრული კრახი იქნებოდა, ამიტომ რეკავდა თბილისიდან მედვედევთან. საბოლოოდ ეგ პუნქტი ამოიღეს.
ანუ ვერ შედგა ის, რაც მიუნხენში 1938 წელს. აქაც მშვიდობის სახელით, ამჯერად სარკოზიმ მოსკოვიდან ჩამოიტანა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც გამოიწვევდა საქართველოს დაშლას, იმ პუნქტის გამო სააკაშვილი ეგრევე დაემხობოდა და რუსეთი დასვამდა თავის კაცს (რაც მოგვიანებით მაინც შეძლო და გვყავს კიდეც დღემდე ეგ კაცი).
იგივე ხდება ახლაც უკრაინასთან დაკავშირებით. სადღაც დიდი ბიჭების დელეგაციები შეხვდნენ და იქ უკრაინა არ იჯდა მაგიდასთან. ზელენსკიმ ეს არ გაატარა და თქვა, რომ უკრაინის გარეშე ვერაფერი გადაწყდება. ამან გაღიზიანება გამოიწვია. რას სთხოვს რეალურად მშვიდობისმყოფელი (თავად უწოდებს საკუთარ თავს) ტრამპი ზელენსკის – დაუთმოს ტერიტორიები პუტინს, დაუთმოს ბუნებრივი რესურსები ამერიკას და ამით შეწყდება ცეცხლი. რა იქნება შედეგი – უკრაინის დაშლა, არანაირი უსაფრთხოების გარანტიები, ამ ტერიტორიული და ეკონომიკური დათმობების გამო ზელენსკის დამხობა და ისეთი პრეზიდენტის მოყვანა, რომელიც პუტინს მოეწონება. საბოლოოდ კი უკრაინის დაცემა. გულითაც რომ გვსურდეს დაჯერება, ტრამპი ვერ იქნება ვერაფრის გარანტორი, რადგან მისი სამსახური 4-წლიანია, რუსეთის იმპერიული ზრახვები საუკუნეებია არ იცვლება, უკრაინა კი სულ უნდა არსებობდეს და არა მხოლოდ ტრამპის მმართველობის პერიოდში. რეალური გარანტიების გარეშე წარმოუდგენელია რამეზე შეთანხმება.
შემზარავი იყო, რაც დღეს ზელენსკის მთელი მსოფლიოს გასაგონად უთხრეს – ან დასთანხმდები ან უჩვენოდ წააგებო. ზუსტად 1938 წლის სტილში.
ზელენსკი იცავს თავისი ქვეყნის ინტერესებს. მას არა აქვს უფლება, წავიდეს დათმობებზე და თან გარანტიების გარეშე. დათმობა, რასაც მისგან მოითხოვენ, ამხელა ძალისხმევით გადარჩენილ სახელმწიფოებრიობას ადრე თუ გვიან ბოლოს მოუღებს.
უკრაინა დღეს იცავს ევროპასაც. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპას მძიმე მომავალი ელოდება. ევროპის აქტიურობა მიუთითებს, რომ მან რაღაც ისწავლა წარსულის გაკვეთილებიდან. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.