“სრული, ნამდვილი კატასტროფა”,-ასე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარ შელაპარაკებას ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე პრეზიდენტ ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის, რომელიც დღეს, 28 თებერვალს მოხდა.
“ზელენსკი საშინლად საუბრობდა. ამერიკელი ხალხის უმეტესობამ ნახა ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა არ ენდომებოდათ…ვფიქრობ, უკრაინასა და ამერიკას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ვიცი ზელენსკი შეძლებს თუ არა შეთანხმების მიღწევას მას შემდეგ, რაც დღეს ვნახე”,- თქვა მან.
პარალელურად, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია აგრძელებს ამერიკის მსოფლიო არენაზე დამცირებას.
“დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან თეთრ სახლში მხოლოდ ვლადიმირ პუტინს, აგრესიულ დიქტატორს გაამხნევებს. ამერიკა არ უნდა დანებდეს რუსეთის აგრესიას, ან დაეთანხმოს პუტინს.
სამი წელია პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი დემოკრატიის, თავისუფლების და სიმართლის სადარაჯოზე დგანან. მათი წარმატება ამერიკის უსაფრთხოების ეროვნული ინტერესია. ჩვენ, უკრაინის გვერდით გამარჯვებამდე უნდა დავდგეთ”,- აღნიშნა დემოკრატმა კონგრესმენმა ჯეფრისმა
